"ჩვენ გვინდა ბიზნესს დავეხმაროთ და მივცეთ საშუალება, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს" - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
შოთა ბერეკაშვილი, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარეა, ფიქრობს, ბიზნეს ეფექტურობაში მნიშვნელოვანი კორექცია იქნება შესატანი.
მისივე თქმით საუბარია არა ჩარევაზე, არამედ სივრცის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის ზრდაზე.
"ეს არის მთავარი, იმიტომ რომ არსებულ მოცემულობაში, როდესაც მე ვსაუბრობ სტრუქტურულ პრობლემებზე, აქ დიდწილად მიმაჩნია, რომ ბიზნეს ეფექტურობაში მნიშვნელოვანი კორექცია იქნება შესატანი. როდესაც კონკრეტულ ჯაჭვში კონკრეტულ კომპანიას მაღალი საოპერაციო ხარჯი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი არაეფექტურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, სივრცე გავაჯანსაღოთ, რომ კონკურენცია გავაჯანსაღოთ, ბიზნეს პროცესები იყოს ეფექტური, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ძალიან კარგია. როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი შეადგენს 86%-ს, ხოლო სექტორის საშუალო მაჩვენებელი არის 25-დან 45%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ზომები არის მისაღები, რომ სექტორი გაჯანსაღდეს",- განაცხადა მან.




























