ელექტრონული კომერციის ასოციაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო, მათ შორის ჩინური პლატფორმები მხოლოდ უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობენ, რადგან მათი მომსახურება სხვადასხვა გადასახადით არ იბეგრება.
ასოციაციის პრეზიდენტმა, თამარ გოგოლაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ამ პირობებში ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა გადასახადს, მათ შორის 18%-იან დღგ-ს იხდიან, არაკონკურენტულ პირობებში ექცევიან. ამიტომ ასოციაცია ითხოვს ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ და ფინანსთა სამინისტრომ შეისწავლონ.
“ელექტრონული კომერცია შედგება როგორც ონლაინ მაღაზიებისგან, ასევე საფოსტო-საკურიერო კომპანიებისგან, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას ახორციელებენ. შესაბამისად, საბოლოო ფასს, ამ ყველაფრის ჯამური ღირებულება განაპირობებს. ჩვენი წევრი ონლაინ მაღაზიები ამბობენ, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან საერთაშორისო კონკურენტებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაწესებულიყო ქართული ბიზნესისთვის, რათა თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ საერთაშორისო კონკურენტებთან.
მეორე მხრივ, მიწოდების ბაზარზე გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები და ამ კუთხით ვთხოვეთ ომბუდსმენს, რომ მიემართა, პირველ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა ბაზარზე დემპინგური ფასები მიწოდების ნაწილში. ასევე [გვინდა მივმართოთ] ფინანსთა სამინისტროს იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად სამართლიანია დღგ-ს არგადახდა ასეთი საკურიერო-საფოსტო კომპანიებისგან.
მაგალითად, ჩინური პლატფორმა Temu თანამშრომლობს მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთაც საერთაშორისო სტატუსი აქვთ, შესაბამისად, მათი ადგილობრივი გადაზიდვებიც, ე.წ. "last mile" მომსახურება არ იბეგრება დღგ-თი, ანუ ისინი გათავისუფლებულები არიან დღგ-სგან, შესაბამისად, მიწოდების ნაწილში არ იხდიან 18%-ს. ბევრი ასეთი საერთაშორისო კომპანია თანამშრომლებს ასაქმებს არა შრომითი ხელშეკრულებით, არამედ მომსახურების ხელშეკრულებით, ასევე არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში, რაც მნიშვნელოვანწილად უიაფებთ მომსახურებას. საპირისპიროდ, ქართული კომპანიები, რა თქმა უნდა, ვიხდით როგორც საშემოსავლო გადასახადს, ასევე დღგ-ს და შესაბამისად, ჩვენი ფასი მოიცავს ორივე მათგანს. ეს ბუნებრივია საკურიერო კომპანიებს და მათ შორის ელექტრონულ კომერციასაც აყენებს არათანაბარ პირობებში”, - განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.




























