ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდიის, SHRE Studio-ს სადებიუტო დიზაინ პროდუქტი, სლაიდური სანათი, მსოფლიოში განათების დიზაინის პრესტიჟული კონკურსის LIT Lighting Design Award 2025-ის გამარჯვებული გახდა.
ქართველი დიზაინერის, ივა მაზმანიშვილის ინოვაციური პროდუქტი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტ ნამუშევარს შორის შეირჩა. ამის შესახებ BM.GE-სთან SHRE Studio-ს თანადამფუძნებელმა და CEO-მ, ცოტნე მაზმანიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დაჯილდოებაში გამარჯვება აღიარება და დასტურია საქართველოში მოღვაწე თითოეული პროფესიონალისათვის, რომ მათ მსოფლიო დონის პროდუქტზე შეუძლიათ მუშაობა. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი კომპანიები არქიტექტურულ თუ დიზაინერულ პროექტებზე უცხოელ კადრებთან მუშაობას ამჯობინებენ.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არიან ისეთი პროფესიონალები, ისეთი კრეატიული ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო დონის პროდუქტების შექმნა შეუძლიათ. ჩვენი კონკურსში გამარჯვება არის დასტური იმისა, რომ ქართველებს ნებისმიერი სირთულის, ნებისმიერი სახის პროდუქტზე და სერვისზე შეგვიძლია ვიმუშაოთ. ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ წარმოდგენას ქართულ ბაზარზე, ეკონომიკასა და ბიზნესში, როცა დიდი ბიზნესები საზღვარგარეთიდან იწვევენ პროფესიონალებს. ევროპიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან ჩამოჰყავთ პროფესიონალები იმის საჩვენებლად, რომ ქართველი არქიტექტორები ან დიზაინერები ვერ არიან საკმარისად მაღალკვალიფიციური და ამისთვის გერმანელი, შვეიცარიელი ან ავსტრალიელი პროფესიონალები მოგვყავს და ვაკეთებინებთ საქმეს, რომელიც რეალურად შეგვიძლია, რომ ქართველებმაც ძალიან მაგრად ვაკეთოთ.
გლობალური ბაზრისთვის ჩვენი სათქმელი ის არის, რომ საქართველო არის ზუსტად ის წერტილი, ის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც აქამდე ისტორიულად არ ჩანდა, იყო საბჭოეთის ნაწილი, ახლაც ბრძოლა გვაქვს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და ვიყოთ საერთაშორისო დონის. ანუ შეგვიძლია ვიყოთ ისეთი გლობალური პროდუქტის შემქმნელები, როგორიც ნებისმიერ სხვა ამერიკულ ან ევროპულ ქვეყანას.
გვინდა, ეს პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ და ამით დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს შეუძლია ძალიან პრემიალური დიზაინ პროდუქტის როგორც მოფიქრება, ისე წარმოება. ამავდროულად ქართველ ბიზნესებს და ბიზნესმენებს დავანახოთ, რომ კი, საქართველოში ვარსებობთ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სტუდიებიც, იგივე არქიტექტურაში, დიზაინში და ბევრად კარგია ეკონომიკისთვის საქართველოში ინვესტირება, ვიდრე ისეთი ადამიანის მოწვევა, რომელმაც კონტექსტიც არ იცის ზოგჯერ ქართული. უკვე გამოვჩნდით რუკაზე, რომელზეც პროფესიონალები, რომლებიც 50 წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობენ, პირველად დაინახავენ ჩვენი ქვეყნის დასახელებას. უკვე გვწერენ ადამიანები და ჟურნალები ინგლისიდან, რომლებსაც ჩვენი პროდუქტის გაშუქება უნდათ და ჯერ ყველაფერი წინაა", - განაცხადა ცოტნე მაზმანიშვილმა.
LIT Lighting Design Award 2025-ის გამარჯვებული ქართული წარმოების სანათი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.




























