მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმებით, რომ დეველოპერულ სექტორში რეგულაციები გამკაცრდეს - "ბიოგრაფი ლივინგი"

ვასილ ფხაკაძე

დეველოპერული სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე მოთამაშეების სიმრავლიდან გამომდინარე, უკვე დადგა საჭიროება, დარგში გარკვეული რეგულაციები გამკაცრდეს.

როგორც BMG‑ს “ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026-ის ფარგლებში განუცხადა, გამართლებული იქნებოდა საქართველოს ბაზარზე „ესქროუ ანგარიშის“ რეგულაციის შემოღება, რომელიც სექტორში სხვადასხვა რისკებს დააზღვევდა.

მისივე აზრით, მსგავსი რეგულაციის შემოღება, მაგალითად, მშენებლობის დათქმულ ვადებში არდასრულების რისკებს შეამცირებდა.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, შეეხებოდა რეგულაციებს. როგორც წესი, ბიზნესი რეგულაციების წინააღმდეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ ამ სფეროში რეგულაციები უფრო გამკაცრდეს. ძალიან ბევრი დეველოპერია დღეს ბაზარზე, ძალიან ფართო არჩევანია პროდუქტის, რაც, ერთის მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ხშირად დეველოპერი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს, ხარისხიან პროდუქტს აბარებს მომხმარებელს, არათანაბარ კონკურენტულ გარემოშია ჩაყენებული არაკეთილსინდისიერ დეველოპერებთან მიმართებაში.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ისეთი რეგულაციები, როგორიც არის თუნდაც „ესქროუ ანგარიში“ (Escrow account), ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მკაფიოდ დაპოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო მიმართულების ქვეყანა. დღესდღეობით მსგავსი ტიპის რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სხვადასხვა სირთულეებთანაც, რაც კარგად არის გასააზრებელი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას რეგულაციებისთვის, რადგან ვიცით, რომ ვაშენებთ ხარისხიან პროდუქტს, ვაშენებთ ვადებში. ყველა ჩვენი პროექტი დაფინანსებულია ქართული ბანკების მიერ. შესაბამისად, ჩვენთან როდესაც მომხმარებელი ბინას იძენს, ყველანაირად დაზღვეულია ყველანაირი რისკი, რომ ეს პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და იმ ხარისხით, რომელსაც შევპირდით მომხმარებელს.

„ესქროუ ანგარიშის“ (Escrow account) შინაარსი არის სწორედ ის, რომ როდესაც დეველოპერი ბინას ყიდის, მას არ აქვს თანხაზე წვდომა, სანამ არ დაასრულებს მშენებლობას. ეს, რა თქმა უნდა, აზღვევს იმის რისკს, რომ შემდეგ თანხა არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული - პირობითად, რომ ის სხვა პროექტში მიმართოს დეველოპერმა. ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა კომპანიას წვდომა ამ თანხებზე, როდესაც მშენებლობას დაასრულებს და მიიღებს ექსპლუატაციაში შენობას. ეს არის დამატებით რისკის დაზღვევის მექანიზმი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს ძალიან წარმატებულად.

თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციის შემოღებას ექნება უკუეფექტებიც. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ის, რომ დეველოპერების რაოდენობა ბაზარზე შემცირდეს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება, არ იყოს ჯანსაღი, თუმცა გრძელ ვადაში რომ შევხედოთ, დარწმუნებული ვარ, ამით მხოლოდ და მხოლოდ მოიგებს ჩვენი ქვეყანა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ ის ინვესტორებიც, რომლებიც ფულს აბანდებენ საქართველოში“, - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები