მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა, საქართველო რუსეთს მაინც დაუსხლტეს“ - აშშ-ის საელჩოს მრჩეველი მაიკლ ჰონიგშტაინი

63e4d4e6db4cc
BM.GE
09.02.23 21:39
686
საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა BMGTV-ის გადაცემას – „ანალიტიკა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან პირისპირ საუბარი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. როგორც მაიკლ ჰონიგშტაინი ამბობს, საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ უფრო მჭიდროდ არ ებმის რუსეთს.

-ქართული ღვინო ის მაგალითია, როცა გამოჩნდა, რომ საქართველოს არც ისე ძალიან სჭირდება რუსეთის ბაზარი, როგორც ამის აქცენტირება ხდება. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ქართულმა ღვინომ ახალი ბაზრები იპოვა – უკრაინა, ევროკავშირი, ჩინეთი. თუმცა, ისიც გასაგებია, რატომ არის რუსეთის ბაზარი ჯერ კიდევ მიმზიდველი ბიზნესისთვის. ევროპა ახსენეთ და ევროპის მთავრობები აქტიურად მუშაობენ ბიზნესსსექტორთან, რომ ახალი შესაძლებლობები დაანახონ და დივერსიფიცირების რთული გზა გაუმარტივონ. ხედავთ იგივე შემართებას საქართველოს მთავრობის მხრიდან?

-რუსული ბაზარი Sugar High-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტკბილეული შეიძლება მიიღო და მოკლე ვადაში ენერგიითაც დაიმუხტო, მაგრამ დიდხანს არ გაგყვება. ადვილია, სწრაფია – მაგრამ გრძელ ვადაზე მასზე გათვლა შეუძლებელია. ჩვენც ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენ საქართველოს ხალხისთვის ქვეყნის და მისი ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარება გვაინტერესებს. ამ პირობებში საქართველო უფრო დაცული და მდიდარი იქნება.

-ასეთი ღია უნდა იყოს საქართველო რუსი მიგრანტებისთვის? გვესმის დებატები მათთვის ვიზების დაწესების აუცილებლობაზე, პერიოდულად აქტიურდება საუბრები საქართველოსთვის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით – რა რეაგირებაა საჭირო ამ გზავნილებზე?

-რუსეთი არის იქ, სადაც არის და ამ ფაქტის იგნორირება არ გამოვა. მაგრამ საქართველომ უნდა გააღრმავოს რუსეთისგან დაშორების პოლიტიკა, დივერსიფიცირების პოლიტიკა. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს კავშირები, კავშირები სულ იარსებებს. თუმცა, მთავარი აქ ის არის, რომ როცა მთელი მსოფლიო შორდება რუსეთს, საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ უფრო მჭიდროდ არ ებმის მას. პირდაპირი ფრენების აღდგენა ძალიან პრობლემური იქნება. ამის გაკეთება შეუძლებელია საერთაშორისო სანქციების დარღვევის გარეშე. მაგრამ ამასთან, ის გზავნილია საქართველოს მიმართულების შესახებ – იმის შესახებ, თუ რომელ მიმართულებას ირჩევს რეალურად საქართველო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ორი გზა – დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ. ცხადია, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ მტკიცედ გააფორმა. ეს ადვილი გზა არ არის. ჩემმა მეგობარმა ძალიან კარგი მეტაფორა გამოიყენა – რუსეთი ძლიერი ნაკადია, საქართველო კი – ნავი და იმისთვის, რომ ამ ნაკადს დაუსხლტეს, საქართველომ ფეხი გაზს უნდა მიაჭიროს. როგორც კი გაზიდან ფეხს აიღებს და დასავლეთისკენ ცურვას შეანელებს, ნაკადი დაეწევა და ისევ რუსეთისკენ მიაცურებს. ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ, რომ გაზზე ეჭიროს ფეხი და რუსეთს მაინც დაუსხლტეს.

-ხედავთ, როგორ იყენებს საქართველო 12 წინაპირობას იმისთვის, რომ გაზიდან ფეხი არ აუშვას და უფრო მიაწვეს?

-ეს ახალი პირობები არ არის. ამაზე ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ. როდესაც ჩვენ რეკომენდაციებს გავცემთ, ჩვენ ჩვენს გამოცდილებას გიზიარებთ – ჩვენს წარმატებას და შეცდომებს. ჩვენ გვინდა ამ გამოცდილების გაზიარება იმისთვის, რომ საქართველომ ჩვენს გამოცდილებაზე ისწავლოს და არ დასჭირდეს იმ რთული გზის გავლა, რაც შეცდომებით ჩვენ გავიარეთ. ჩვენ გეუბნებით – ეს ის მიდგომებია, რამაც ჩვენ მოგვიტანა კეთილდღეობა და მეტი უსაფრთხოება – თუ ამ რეკომენდაციებს გაიზიარებთ, თქვენს კეთილდღეობასაც გაზრდით. თქვენც უფრო დაცულები იქნებით. ამით უფრო მეტად დაუახლოვდებით საერთაშორისო საზოგადოებას, ამერიკას, ევროპას. ვფიქრობ, როცა ამერიკაზე და რუსეთზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ ჩრდილოეთის გზაზე და დასავლეთის გზაზე – რუსეთს სურს, რომ თავისი პარტნიორები იყვნენ დაუცველები, არასტაბილურები, ღარიბები იმისთვის, რომ გაუმარტივდეს მათით მანიპულირება. მათ სურთ, რომ მათი პარტნიორები მათზე დამოკიდებულები გახდნენ. შეერთებულ შტატებში ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ძლიერები, დაცულები იმისთვის, რომ ერთად მუშაობა შევძლოთ. რუსეთს სუსტი პარტნიორები სურს. შეერთებულ შტატებს – ძლიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები