მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვინდოდა, ადგილობრივ ბაზარზე წელს გამოვსულიყავით, მაგრამ ნედლეულის დეფიციტი გამო, ვერ შევძელით" - "ჟოლი"

ჟოლი

ხილის გადამმუშავებელი საწარმოებისთვის მიმდინარე წელი სირთულეებით ხასიათდებოდა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანია "ჟოლის" დამფუძნებელმა ისაუბრა. როგორც გურამ სუხაშვილმა აღნიშნა, მთავარი გამოწვევა ნედლეულის დეფიციტი იყო, რაც, თავის მხრივ, არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

"მიმდინარე წელი ხილის გადამმუშავებელი საწარმოებისთვის სირთულეებით ხასიათდებოდა. ეს გამოწვეული იყო კლიმატური პირობებით, რომლებმაც გაანადგურა ზაფხულის ხილი, რითაც ჩვენ ძირითადად ვაწარმოებთ ჩვენს პროდუქციას. რა თქმა უნდა, როდესაც შეიქმნა ბაზარზე დეფიციტი, ამან გამოიწვია ფასების ზრდა. ჩვენ მოგვიწია გაზრდილი ფასებით ამ ნედლეულის შეძენა. ამასთანავე, გვქონდა წინა წლის ჭარბი მარაგები და აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შევძელით ამერიკის ბაზარზე იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც წელს გვქონდა", - ამბობს გურამ სუხაშვილი.

"ჟოლის" პროდუქცია სრულად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში რეალიზდება და, როგორც დამფუძნებელი განმარტავს, ყოველ კვარტალში 60 ათასამდე ერთეულის ექსპორტს ითვალისწინებს. პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ნედლეულით მზადდება, აშშ-ში 17 სახეობის ანალიზსს გადის.

"ძირითადად პროდუქციას შიდა ქართლის რეგიონიდან, უფრო კონკრეტულად კი ე.წ. საზღვრისპირა სოფლების ფერმერებისგან ვიღებთ. ჩვენი მიზანია არა მარტო ის, რომ მივიღოთ ხარისხიანი ნედლეული, არამედ ამ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მყოფი ფერმერების გაძლიერება და დახმარება, რომ უფრო მეტად განავითარონ საკუთარი სამეურნეო ბიზნესი. ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეთანხმებული ვართ ხარისხზე, რაც უნდა მოგვაწოდონ ამ ფერმერმა. წინასწარ განსაზღვრულია საქმიანობები, რომელსაც ფერმერი ახორციელებს, რათა FDA-ის სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში", - ამბობს "ჟოლის" დამფუძნებელი.

როგორც სუხაშვილი BMG-ს ეთერში აღნიშნავს, კომპანიას სურდა, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბაზარიც აეთვისებინა, თუმცა ნედლეულის დეფიციტის გამო, ვერ შეძლეს.

"გაყიდვების არხები საქართველოში არ გვქონდა ჯერჯერობით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია, რაც იწარმოება, მთლიანად გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეტაპობრივად ვგეგმავთ საქართველოში გამოჩენასაც, წელსაც გვინდოდა, რაღაც გარკვეულ ნაწილში, გარკვეული პროცენტი და ნიშა დაგვეკავებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის დეფიციტი იყო, ვერ შევძელით იმ რაოდენობის პროდუქციის წარმოება, რომ ექსპორტის მოთხოვნებიც დაგვეკმაყოფილებინა და ამავდროულად გვქონოდა მარაგები, შემოვსულიყავით ადგილობრივ ბაზარზე", - აღნიშნავს "ჟოლის" დამფუძნებელი.

მისივე თქმით, საქართველოს გარდა, კომპანია ევროპის ქვეყნების ბაზრის ათვისებასაც აპირებს, საიდანაც დაინტერესება მაღალია. როგორ გურამ სუხაშვილმა აღნიშნა, 6 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით, ინტერესი კი გერმანიიდან და იტალიიდან მოდის.

"ჟოლი" ადგილობრივი ნედლეულისგან ნატურალურ მურაბებს, კომპოტებს, ჯემებსა და სხვა დასახელების პროდუქტებს აწარმოებს. საწარმო სოფელ იგოეთში მდებარეობს და 15 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები