ღვინის ტოპ-მწარმოებელ ქვეყნებს ბევრად ჩამოვრჩებით, - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.
კვლევაში წერია, რომ მსოფლიოში ღვინის წარმოების ბაზარზე კონკურენცია დიდია და საქართველო ამ ბაზარზე მე-19 ადგილს იკავებს.
„საქართველოში ღვინის წარმოების მასშტაბები საკმაოდ შეზღუდულია და ბევრად ჩამოვრჩებით ტოპ-ქვეყნებს. მაგალითად, იტალიას ჩამოვრჩებით დაახლოებით 27-ჯერ, საფრანგეთს - 26-ჯერ და ა.შ. თუმცა უფრო დაბალფასიან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, მაგალითად ჩილეს, წარმოების თვალსაზრისით 6-ჯერ ჩამოვრჩებით“, - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება ღვინის მოხმარებას მსოფლიოში, Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ტოპ-5 ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა აშშ, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ჯამური მოხმარების ნახევარს მოიცავენ.
გარდა ამისა, „გალტის“ კვლევაში წერია, რომ გამომდინარე ჯანსაღი ცხოვრების წესიდან და სხვა ბევრი ფაქტორიდან, ბოლო წლებში მსოფლიოში ღვინის მოხმარება შემცირდა და დიდი ყურადღება ექცევა როგორც დაბალალკოჰოლურობას, ასევე კარგ შეფუთვას.




























