მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gvino - პირველი ქართული ღვინის ბარი ნორვეგიაში

6470c41a02695
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 18:58
831
ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსენდში 23 მაისს პირველი ქართული ღვინის ბარი Gvino ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ბარის თანადამფუძნებელმა ზვიად გურაშვილმა დაწერა.

დეტალების შესახებ BM.GE ზვიად გურაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ნორვეგიაში „ვინივერიას“ და გურაშვილის ღვინის ექსპორტი 2018 წლიდან ხდებოდა, ღვინის ბარის გახსნის სურვილი კი რამდენიმე წელია რაც არსებობდა. მისი განხორციელება კომპანიის თანადამფუძნებელმა ნორვეგიაში მცხოვრებ პარტნიორთან ნათია ყურუასთან ერთად შეძლო. შედეგად დღეს 18-20 საშუალო და მცირე ქართველი მეწარმის 80-მდე სახეობის ღვინო პირველ ღვინის ბარში იყიდება. გურაშვილი ინვესტიციების გაჟღერებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ეს კომპლექსური საკითხია. 

ნორვეგიაში „ვინივერიას“ და „გურაშვილის ღვინის“ გაყიდვები 2018 წლიდან დავიწყეთ. ნათია ყურუა 22 წელია, რაც ნორვეგიაშია და ჰორეკას მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ მასთან პარტნიორობით შევძელით ბარის გახსნა. ნორვეგია ძალიან ძვირიანი და დიდი ბიუროკრატიის მქონე ქვეყანაა, ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან რთული იყო. ეტაპობრივად დავაგროვეთ გამოცდილება და 6-7 თვის წინ ოსლოდან სამხრეთით, 100 000 კაციან ზღვისპირა ქალაქ კრისტიანსენდში აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ღვინის ბარი მოვაწყვეთ, სადაც შიდა სივრცეში 45-50 ადამიანის, დიდ ვერანდაზე კი 35-40 სტუმრის გამასპინძლება შეგვიძლია“, - განმარტა ზვიად გურაშვილმა.

მისი თქმით, ნორვეგიული მომხმარებელი უპირატესობას საფერავის ღვინოს ანიჭებს, თუმცა ამ სახეობის გარდა აქ სტუმრებს ქვევრის ღვინის, პეტნატების, ცქრიალა ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.

„ბარში სხვადასხვა კომპანიის 40 სახეობის ღვინო გვაქვს, ამასთან საქართველოდან მცირე მეწარმეების 38 სახეობის ღვინო გამოვგზავნეთ, რომელიც აქამდე ნორვეგიაში არ შედიოდა. ამ წუთას გვაქვს ღვინო, პეტნატი და ცქრიალა. ქვევრის ღვინო მთლიანი ღვინის 30-40%-ს შეადგენს. სამომავლოდ, ჭაჭის და ბრენდის დამატებას ვფიქრობთ. ღვინოსთან ერთად სტუმრებს ყველის და სხვა პროდუქტის დაფებს შევთავაზებთ“, - ამბობს ზვიად გურაშვილი.

მისი თქმით, პარტნიორებს თავდაპირველად პერსონალის დაკომპლექტება ქართველებით უნდოდათ, თუმცა რეგულაციებისა და ბიუროკრატიის გამო, ნებართვა მხოლოდ ერთ თანამშრომელზე მიიღეს.

„თავიდან ქართველებით გვინდოდა დაგვეკომპლექტებინა პერსონალი, თუმცა აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მუშაობის უფლების მოპოვება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ, რათა ეს უფლება ერთ გამოცდილ ქართველ სომელიეზე მიგვეღო. ასევე კრისტიანსენდში ქართველი სტუდენტი ვნახეთ და ის დავასაქმეთ, სულ 3 თანამშრომელი გვყავს“ - აღნიშნავს Gvino-ს თანადამფუძნებელი.

პარტნიორები თვლიან, რომ პროექტი წარმატებული იქნება და გრძელვადიან პერსპექტიაში Gvino-ს გახსნას სხვა ქვეყანაშიც მოიაზრებენ.

ცნობისთვის, ზვიად გურაშვილი ღვინის კომპანია "ვინივერიას" 20%-იანი წილის მმართველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები