ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რაც უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვთან დიალოგისთვის ევროპის მზარდ მზადყოფნაზე მიუთითებს.
Euronews-ის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს სრულმასშტაბიანი შეჭრა და სტაბილური და მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად შინაარსობრივ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
"დისკუსია იყო გულწრფელი და შინაარსიანი. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიას მოითხოვს", - ნათქვამია სტუბის ოფიციალურ განცხადებაში.
"ომს უდიდესი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლი მოჰყვება. ტანჯვა და ნგრევა თაობებს დააჩნდება. საუბრისას ხაზი გავუსვით დეესკალაციის მნიშვნელობას", - განაცხადა სტიორემ.
ნორვეგია და ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილეს დონორებს შორის არიან. ლიდერებმა პუტინს განუცხადეს, რომ ეს მხარდაჭერა უცვლელად გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა სტუბსა და სტიორეს განუცხადა, რომ "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების სრული და უპირობო გათვალისწინებითაა შესაძლებელი".
სატელეფონო საუბარი სკანდინავიელი ლიდერების ინიციატივით შედგა, რის შემდეგაც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ.
"ალექსმა [სტუბმა] და იონასმა [სტიორემ] რუს ლიდერს მკაფიოდ განუმარტეს, რომ ჩვენს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეალური დეესკალაციური ნაბიჯებია საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ და "აქტიური" დიპლომატიური მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
























