უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და მრავალწლიანი ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად ფრონტის ხაზის "გაყინვის" მზაობა გამოთქვა.
უკრაინის ლიდერმა Fox & Friends-ის ეთერში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობა დაუშვა, რაც, როგორც ირკვევა, ქვეყნის ტერიტორიის სულ მცირე 75%-ზე კონტროლის შენარჩუნებას გულისხმობს.
მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი კონფლიქტის დასრულების რეალურ გზად შეაფასა და განმარტა, რომ კიევი ამ პროცესს ცეცხლის შეწყვეტად ჩათვლის. ზელენსკის თქმით, არსებული პოზიციების დაფიქსირება დღეს მოსკოვისგან საჭირო მინიმალური მოთხოვნაა.
აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა უმთავრეს პირობად უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიღება დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ეს მექანიზმი მიზნად რუსული აგრესიისა და ახალი ოკუპაციის პრევენციას ისახავს. ქვეყნის ლიდერის თქმით, კიევი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დახმარებას დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს სთხოვს.
რაც შეეხება მშვიდობის სანაცვლოდ დონბასის რეგიონის სრულად დათმობის საკითხს, წამყვან ბრაიან კილმიდის შეკითხვის საპასუხოდ ზელენსკიმ მსგავს წინადადებას უსამართლო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისგან შემდგარი დონბასის რეგიონის უდიდესი ნაწილი 2022 წლის სექტემბრიდან, ეგრეთ წოდებული რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, უკანონოდ აქვს ოკუპირებული.
























