აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნესს სესიაზე.
მისი გამოსვლის ძირითადი აქცენტები მაკროეკონომიკურ მედეგობას, კრედიტების ფისკალური დისციპლინით ათვისებას და საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, ADB-ის წევრ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ეხებოდა.
ხუციშვილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას დიალოგისთვის, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი მიმართულებების შესწავლისთვის. გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ოთხი წელში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5%-ს გადააჭარბა და 2025 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ADB-თან საქართველოს დაახლოებით 5.1 მილიარდი დოლარის მოცულობის დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც მოიცავს საჯარო და კერძო სექტორს. "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრმა განვითარების ბანკთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებიც დაასახელა, რაც მოიცავს: ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობა განახლებადი და მწვანე ენერგიების გენერაციის ზრდის მეშვეობით, ინფრასტრუქტურას, კორპორაციული მართვის რეფორმას, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას და სხვა. "ჩვენ გვჯერა ADB-თან სამომავლო თანამშრომლობის, საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე", - თქვა ხუციშვილმა.
მოგვიანებით, ADB-იმ ლაშა ხუციშვილის განცხადების ბეჭდური ვერსია გაავრცელა ისევე, როგორც ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მმართველი წარმომადგენლის. ბეჭდურ ვერსიასა და იმ ვერსიას შორის, რაც BMG-იმ ადგილზე მოისმინა ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოჩნდა. კერძოდ, ლაშა ხუციშვილმა სიტყვა–სიტყვით გაიმეორა მთელი ტექსტი გარდა ერთი წინადადებისა, რომელიც ტექსტში კი ჩაიწერა, მაგრამ სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრს ხმამაღლა აღარ უთქვამს – კერძოდ: „საქართველომ, რომელსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი რუსული ოკუპაცია, წარმატებით გაართვა თავი პოსტ–პანდემიურ პერიოდს და რუსეთ–უკრაინის ომის მიერ გამოწვეული უკიდურესი გეოპოლიტიკური დაძაბულობების პირობებში აჩვენა მედეგობა“.
BMG-იმ განმარტებისთვის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. „ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ წერილობით, წინასწარ გაგზავნილი ტექსტის მოცულობა არაა შეზღუდული, ბიზნესსესიაზე გამოსვლისგან განსხვავებით, სადაც გამოსვლის დრო მკაცრად შეზღუდულია (სამი წუთი) და სადაც საქართველოს დელეგაციის გარდა, როგორც თქვენთვის ცნობილია, სიტყვით გამოდიან ყველა წევრი ქვეყნების მმართველები. შესაბამისად, როგორც წესი ოფიციალურად გაგზავნილი ტექსტი ოდნავ მცირდება სესიაზე გამოსვლისას“, - უთხრეს BMG-ის ფინანსთა სამინისტროში.




























