მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვჯერა, ისინი ეროვნულ ბანკს გააძლიერებენ“ - ბეჟან წაქაძე სებ-ის საბჭოს კანდიდატებზე

ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის წარმოდგენილ 4 კანდიდატს დადებითად აფასებს და „ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს მათი წარდგენისთვის მადლობას უხდის.

ბეჟან წაქაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კანდიდატები გამოცდილები არიან და მას სჯერა, რომ ისინი მარეგულირებელს გააძლიერებენ.

|ძალიან გამოცდილი პიროვნებები არიან. ძალიან დიდი გზა აქვთ გავლილი, თავისი აზრი აქვთ ჩამოყალიბებულ, ამ სფეროში მუშაობდნენ სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ეროვნულ ბანკს გააძლიერებენ და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ისინი თავის სფეროში უკვე მუშაობენ, მაგრამ უკეთესად შეითავსებენ იმ თანამდებობას, რასაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან და მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ასეთი კანდიდატები წარადგინა", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილს წარდგენილი ჰყავდა ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე, რომელთაც დღეს მოუსმინეს.

ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები