წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს მიმდინარე წლის ორ თვეში ადგილობრივი და უცხო ქვეყნის 500-მდე ვიზიტორი ეწვია.
„წყალტუბოს თერმული წყლების“ დირექტორი შალვა ქასრაშვილი Bm.ge -თან ამბობს, რომ 2022 წლის იანვარი, გასული ორი პანდემიური წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამაიმედებლად დაიწყო, თუმცა თებერვალ-მარტში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა.
კითხვაზე, ბოლო თვეებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ თუ არა, ქასრაშვილმა განაცხადა, რომ არა.
„შემცირებას კიდევ მომავალი ორი თვის განმავლობაში ველით, რადგან წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სეზონურ ორგანიზაციად მოიაზრება და ყოველ წელს, თებერვლიდან-მაისამდე, ვიზიტორთა კლება ფიქსირდება”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გასულ წელს, მისი თქმით, ცენტრში ვიზიტორთა რაოდენობა განახევრებული იყო, პანდემიის დაწყებიდან პირველივე წელს კი მათი რაოდენობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა.
ქასრაშვილის განცხადებით, ჰქონდათ პერიოდი, როცა ცენტრი საერთოდ დახურეს: „2022 წელს, მხოლოდ იანვარში ორგანიზაციამ 287 ვიზიტორს უმასპინძლა, მათ შორის 93 ადამიანი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. თებერვალში კი მხოლოდ 182 ვიზიტორი გვეწვია. 2019 წელს, მანამ პანდემია დაიწყებოდა, სულ 9478 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, მათ შორის 5676 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და მსოფლიოში შეზღუდვები დაწესდა, ვიზიტორთა რაოდენობა 2051-მდე შეგვიმცირდა, მათ შორის უცხო ქვეყნის მხოლოდ 267 მოქალაქე გვესტუმრა.
რაც შეეხება მოლოდინებს, „წყალტუბოს თერმულ წყლებში“ მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების მალე დასრულების იმედი აქვთ: „სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა იმედი გვაქვს პანდემია და ომი მალე დასრულდება. გვინდა პანდემიამდელ შედეგებს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ“.
„წყალტუბოს თერმული წყლების“ სტატისტიკით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან, დაწესებულების მომსახურებით უმეტეს წილად აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, ისრაელის, ყაზახეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიეტუვის, გერმანიის და საუდის არაბეთის მოქალაქეები სარგებლობენ. ცნობისთვის, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობისაა, რომელიც სამკურნალო წყლებითაა ცნობილი.
სამკურნალო პროცედურების სტანდარტული ხანგრძლივობა 21 დღით განისაზღვრება, თუმცა ცენტრის სტატისტიკით, გარკვეულ შემთხვევაში ვიზიტორები საშუალოდ 10-14 დღიანი კურსით სარგებლობენ და პროგრამის ერთი დღის ღირებულება 60-დან 85 ლარამდე ჯდება.




























