მესტიაში წლევანდელი ზამთრის სეზონი ტურისტული აქტივობის გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მესტიაში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევებითა და გაუმართავი სისტემითაა განპირობებული.
"ისევ ელექტროენერგიის პრობლემა, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და კიდევ მრავალი სხვა პრობლემა, რომელზეც ყოველ წელს ვსაუბრობთ და როგორც ჩანს, ეს ჩვენი საუბარი ადრესატამდე არ მიდის ან ვერ მიდის. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენი რეგიონის ჩაძირვა და მისი ტურისტული პოტენციალის განადგურება მიზანმიმართულად ხდება. წლევანდელი სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია", - უთხრა BMG-ის სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა.
მისივე ცნობით, ადგილობრივ ბიზნესს მუდმივად აქვს მცდელობა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ხმა მიაწვდინოს, თუმცა მათგან არსებითი ნაბიჯი ჯერაც არ გადადგმულა.
"ადგილობრივი ხელისუფლება თავადაც კარგად ხედავს, რა მდგომარეობაა, თუმცა ყველა გადაბრალების პროცესშია, ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და პასუხისმგებლობას არავინ იღებს. რეალურად, შედეგი არაფერი არ არის და ფაქტია, რომ ისევ იგივე მდგომარეობაში ვართ. არ ვიცი, რითია ეს გამოწვეული, მხოლოდ ბიზნესს არ ადგება ზიანი, ქვეყნის რეპუტაციასაც, რადგან თუ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს მდგომარეობა არავისთვის არაა ხელსაყრელი", - აცხადებს ეკა გველესიანი.
ელექტრომომარაგება მესტიისთვის მთავარი პრობლემაა. ეს წლებია ასეა და ბიზნეს ოპერატორები ყოველ ზამთრის სეზონზე ამ საკითხზე საუბრობენ. წლევანდელი წელიც გამონაკლისი არაა. პირიქით - როგორც "ფალიანის" დამფუძნებელი გვიყვება, წლევანდელი სურათი ბევრად უფრო მასშტაბურიც გახდა.
"მესტიის უშუქობა იმდენად მასშტაბურ პრობლემად იქცა, რომ წელს პირველად, როცა ბუქინგზე ჯავშნებს ვიღებთ, უცხოელები პირველ რიგში იმას კითხულობენ, გვაქვს თუ არა შუქი, მუშაობს თუ არა საბაგიროები", - ამბობს ეკა გველესიანი.
ის აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ გარდა გაუმართავი ქსელისა, ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებას გაზიფიცირების საკითხიც განაპირობებს. მესტიაში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა, შესაბამისად ბიზნესს გათბობის სრულად ელექტროენერგიაზე მიბმა უწევს. ზამთარში კი, როცა ყინვაა, დატვირთვაც მატულობს და ქსელი ამ დატვირთვას ვერ უძლებს.