ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მოცულობის გაზრდას გეგმავს - ამის შესახებ EIB-ის გლობალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ლიონელ რაპაიმ განაცხადა. ამის შესახებ ლიონელ რაპაიმ EIB-ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე განაცხადა, რომელიც საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) სექტორში მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის გზებს შეეხებოდა.
ლიონელ რაპაის განმარტებით, EIB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული 2 მილიარდი ევროს პროექტებიდან 400 მილიონი ევრო ბიზნესის განვითარებაზე მიმართულ პროექტებში არის ინვესტირებული.
“ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის განვითარების ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ჩვენ ინვესტირებული გვაქვს 2 მილიარდ ევროზე დიდი მოცულობის პროექტები განხორციელებული და ამ თანხიდან 400 მილიონი მიმართულია საქართველოს კერძო სექტორის განვითარებისკენ. კერძოდ კი ფოკუსირებული ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს მათ შორის მწვანე ტრანზიციაზე ფოკუსით, რათა ისინი უფრო ინკლუზიურები გახდნენ და დანერგონ ინოვაციები და დაუახლოვდნენ ევროკავშირის ბაზარს. ეს ღონისძიება სწორედ ამ საკითხზე დისკუსიისთვის არის და მას უკვე მეორედ ვაწყობთ. ჩვენ გვსურს, რომ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერის მასშტაბი და ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას საქართველოში,”- განაცხადა ლიონელ რაპაიმ.
EIB, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებს ქართული ბანკების შუამავლობით წარმართავენ, რაც ბანკებისთვის საკრედიტო ხაზების გამოყოფას გულისხმობს, რა საკრედიტო რესურსსაც შემდგომ ქართული ბიზნესები ამ ბანკების სესხებით იყენებენ.