წყლისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დღეს წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვაზე მსჯელობს.
სემეკის წევრი გივი სანიკიძე სხდომის დაწყებამდე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სხდომაზე იქნება მიღებული, თუმცა წყლის გამანაწილებელი კომპანია თბილისის და რუსთავის ქსელში მასშტაბურ ინვესტიციას გეგმავს, საბოლოოდ კი, ყველა დანახარჯი აისახება ტარიფზე.
"გვაქვს GWP-ის სატარიფო განაცხადი და მოხდება ახალი ტარიფის განსაზღვრა თბილისში მცხეთასა და რუსთავში. განაცხადი, როგორც მოგეხსენებათ, არ გულისხმობს კონკრეტული ტარიფის მოთხოვნას, განაცხადი გულისხმობს ფაქტობრივი დანახარჯების წარმოდგენას რომელსაც უტარდება აუდიტი და ასევე კონკრეტულ ინვესტიციებს, რომელიც შეთანხმებულია მარეგულირებლებთან. მომდევნო 3 წელში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ტარიფზე ახდენს გავლენას. საბოლოო გადაწყვეტილება სხდომის შემდეგ გვეცოდინება.
ინვესტიციები შეითანხმა მარეგულირებელმა კომისიამ. 363 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება თბილისის და რუსთავის ქსელში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა პრობლემის მოგვარება ერთი სატარიფო რეგულირების პერიოდში შეუძლებელია. თუმცა ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც გამოიწვევს წყვეტების შემცირებას", - განაცხადა სემეკის წევრმა ჟურნალისტებთან.