GWP-ს მილსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად 8-მდე ოჯახი დაზარალდა და 24-მდე ავტომობილი დაზიანდა, - აცნობა ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ზარალის აღრიცხვა გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტომობილები. კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურებასთან ერთად, მუნიციპალური ლაბორატორია ტერიტორიის მდგრადობას იკვლევს და დასკვნის მომზადების შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„GWP-ს ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, ავტომობილები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა აღმოიფხვრას პრობლემა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალისა და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ. მთლიანად ამ ზიანს აანაზღაურებს კომპანია GWP. ამ ეტაპზე დაზიანებულია 24 მანქანამდე და დაზარალდა 8-მდე ოჯახი“, - განაცხადა გიზო ვასაძემ.
ავარიის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ, GWP კი მათ ზარალს სრულად აუნაზღაურებს, სარემონტო სამუშაოებისა და ავეჯის შეძენის ხარჯების ჩათვლით.
„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად, ყველაფერი განადგურებულია. თუკი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს, არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველვყოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება - შეეხება ეს სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ავარია გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად მოხდა. კომპანიის განცხადებით, მისი შესაბამისი სამსახურები ზარალს შეისწავლიან და დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურებენ.
























