"დღეს, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალზე ჩატარდა, არანაირ კავშირში არ არის სასმელი წყლის ხარისხთან", - ამის შესახებ GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
რაც შეეხება ჯივიპის მიერ თბილისის წყალსაცავიდან ნედლი წყლის მოპოვებას და სასმელ წყლამდე დაყვანას - წყალაღება ხდება მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, 10 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური ტუმბო აგრეგატებით.
ჯივიპი, როგორც მდინარე არაგვიდან, ასევე თბილისის წყალსაცავის სანიტარულად დაცული ტერიტორიიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ლაბორატორიული ანალიზი ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ტარდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ამის შემდეგ ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.
პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება".
NS