2024 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე საქმის წარმოება 244 განცხადების საფუძველზე დაიწყო - ამის შესახებ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი განცხადება Georgian Water and Power-ის მომსახურებაზე დაიწერა.
"ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ წყალმომარაგების ხშირი წყვეტა. არის სასმელი წყლის და არის წყალარინების სისტემები და ორივეს გამართულად მუშაობის ვალდებულება აქვს კომპანიას. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი განცხადება მივიღეთ და GWP არის უპირობო ლიდერი, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს მომხმარებელს. ხშირია [წყალმომარაგების] წყვეტა და, რაც წელს ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ხშირია დაგვიანებული რეაგირება კომპანიების მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხელ ხაზზე შეიძლება ფიქსირდება შეტყობინება, მაგრამ კომპანია რატომღაც დაგვიანებით მიდის ადგილზე. ამასთან დაკავშირებით კომპანიის განმარტება იყო, რომ თბილისი არის გადაჭედილი, ჭირს მოძრაობა, ქუჩა უნდა გადაიკეტოს და ვერ ხერხდება", - განაცხადა გულეიშვილმა.
ენერგოომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანიების მიხედვით განცხადებების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 143
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 92
- შპს „ბათუმის წყალი“ - 9
როგორც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში განაცხადა, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც სამსახურს გასული წლის განმავლობაში ბევრი განცხადება მიიღო, დარიცხული დავალიანებების სიჭარბეა. როგორც გულეიშვილმა თქვა, უსაფუძვლო დარიცხვები ლიცენზიატი კომპანიების მიერ არასათანადოდ დაყენებული მრიცხველებით აიხსნება.
"რეგიონებში ბევრი დარღვევა აქვს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას". იქ დარიცხული დავალიანებები ჭარბობს. თელავში გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გაკეთდა ახალი ქსელი, მრიცხველები ძველ ქსელს დააერთეს და მომხმარებელს ორმაგი გადასახადები ერიცხებოდათ. ასეთი შეტყობინება წლის განმავლობაში ბევრი გვქონდა. გამრიცხველიანების პროცესს ასეთი ტიპის პრობლემები ახლავს ხოლმე, რადგან ქსელის გადაჯვარედინება რომ ხდება, მომხმარებელს ზედმეტი გადასახადი ერიცხება, თუმცა ინდივიდუალური შესწავლის შემდეგ, ხორციელდება მათი დაკორექტირება", - აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.
ენერგოომბუდსმენის ანგარიშში კომპანიების ცხელი ხაზების გაუმართავ მუშაობაზეცაა საუბარი. ლიცენზიატი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2024 წელს მათ ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობა და პასუხგაცემული ზარების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე ჯამურად დაფიქსირდა 946,596 ზარი, საიდანაც პასუხი გაეცა 774,099 ზარს (82%).
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცხელ ხაზზე
დაფიქსირდა 124,617 შეტყობინება, პასუხგაცემული ზარების რაოდენობა - 114,436 (92%). - შპს „ქობულეთის წყალის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა - 389 შეტყობინება;
- შპს „საჩხერის წყალკანალის“ ცხელ ხაზზე - 3,302 ზარი, ხოლო პასუხი გაეცა 3,051 ზარს;
- შპს „მარნეულის სოფწყალის“ მონაცემებით - 58 ზარიდან პასუხგაცემულია 52.