მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გზა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც კურორტ გოდერძის განვითარებას აფერხებს“ – „ამბასადორი გოდერძი“

637b47d80f5cf
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 22:20
1131
ზამთრის სათხილამურო სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს სამთო კურორტების მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების ინტერესი იზრდება. კურორტებს შორის, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის საინტერესო მიმართულებად კურორტი გოდერძი იქცა. ტურისტულად აქტიურ კურორტზე, მაღალმთიან რეგიონში მოქმედი სასტუმროები და მცირე ბიზნესები წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად გოდერძიმდე მისასვლელ გაუმართავ ინფრასტრუქტურას - გზას ასახელებდნენ.

BM.GE-ი დაინტერესდა რა მდგომარეობაა წელს ამ კუთხით კურორტზე და ამის გასარკვევად კურორტზე მოქმედ ერთ-ერთ დიდ სასტუმროს „ამბასადორი გოდერძის“ მმართველ კომპანია „ამბასადორი ჯგუფს“ მიმართა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაუმართავი გზა კვლავ პრობლემად რჩება, რაც კურორტის განვითარებას აფერხებს. თუმცა „ამბასადორი გოდერძის“ მენეჯმენტს ამ გამოწვევის გადაჭრის გზაც აქვს და სტუმრებს საკუთარ სერვისს სთავაზობს.

„გზა ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც დიდად აფერხებს კურორტის განვითარებას. გოდერძი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, რომელიც ვფიქრობთ, უფრო მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, გზის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში დასრულდება და მსურველებს თავისუფლად შეეძლებათ ჩვენამდე მოსვლა, როგორც ხულოს გავლით, ისე ახალციხის გზით. მანამდე კი, სტუმრებს კომფორტული ტრანსფერის სერვისსა და უხვი თოვლის პირობებში თოვლსატკეპნი მანქანებით ტრანსპორტირებას ვთავაზობთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ „ამბასადორი გოდერძის“ პირველი შენობა 2021 წლის მარტში ამოქმედდა, მეორე შენობის გახსნას კი კომპანია სწორედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2023 წლის ბოლოს გეგმავს. კითხვაზე - რა დატვირთვით მუშაობს დღეს სასტუმრო, მენეჯმენტში ამბობენ, რომ ინტერესი როგორც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებიდან დიდია.

„ჩვენი სასტუმრო გოდერძიზე უკვე ზამთრის მესამე სეზონისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მუშაობა მხოლოდ პანდემიურ ვითარებაში გვიწევდა, ინტერესი მაინც ძალიან დიდი იყო და სწორედ ამ პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, წლევანდელი სეზონის მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. ჯავშნები უკვე კეთდება დეკემბრის და იანვრის თვეზე, ინტერესია ასევე საახალწლო პერიოდზეც. ძალიან გვიხარია, რომ ეს ინტერესი თანაბრად დიდია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კუთხით. ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გვსტუმრობს, მათ შორის ზაფხულის სეზონზეც. როგორც იცით, გოდერძი იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვისაც, ამიტომ წელსაც დატვირთულები ვიქნებით Cat Skiing-ისა და Heli Skiing-ის მიმართულებით. უცხოური ბაზრებიდან აქტიურია გერმანია, პოლონეთი, შვეიცარია, ჩინეთი“, - აცხადებენ სასტუმროში.

რა ეტაპზეა კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის მშენებლობა და ესწრება თუ არა მისი განხორცილება დათქმულ ვადებში - ამ კითხვებით BM.GE ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს და უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები