ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირი გამოფხიზლდეს და ევროპული ღირებულებების გზაზე დაბრუნდე. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კრიტიკული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
პაპუაშვილი ევროკავშირიდან კრიტიკულ შეფასებებს უსტანდარტობას უწოდებს და ამბობს, რომ "გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ".
"არ ვიცი პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება?! ამ 17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, თავის ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?!
ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობის. ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ",- თქვა პაპუაშვილმა.
11 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას, რაც, მათი თქმით, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ისახავს მიზნად.




























