ჯანდაცვა ერთ-ერთი მზარდი და სწრაფად განვითარებადი სექტორია საქართველოში, ამასთან გამართული ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რაშიც ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, დავრწმუნდით.
რატომ ვსაუბრობთ მდგრადობაზე ჯანდაცვის სექტორში?
კვლევებით დგინდება, რომ ჯანდაცვის სექტორი მსოფლიო სათბური აირების გაფრქვევების ხუთ პროცენტზეა პასუხისმგებელი. მაშინ როდესაც, შედარებისთვის, საავიაციო სექტორი, ნახშიროჟანგის გაფრქვევების 2.5 %-ზეა პასუხისმგებელი.
ამასთან, ჯანდაცვის სექტორი მოიხმარს დიდი ოდენობით ენერგიას, საკვებს და მასალებს რაც როგორც კლიმატის ცვლილებაზე ახდენს გავლენას, ასევე ნარჩენების მართვისა და სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.
რისკების მართვის მიღმა რომ შევხედოთ აღნიშნულ საკითხს, მდგრადობის სტანდარტების დანერგვა ჯანდაცვის სექტორში თავად სექტორისთვის არის სასარგებლო. ეს ხარჯების შემცირებას და ოპერაციების ეფექტიანობის ზრდას, ამასთან მომხმარებლის, პარტნიორებისა და ინვესტორების კმაყოფილების გაზრდას უწყობს ხელს.
რაც შეეხება ჩვენთვის კარგად ნაცნობ - გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, ჯანდაცვის სექტორს უკავშირდება როგორც სოციალური ისე გარემოსდაცვითი ამოცანები, თუმცა მესამე მიზანი, „ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის“ აღნიშნულ სექტორში მოღვაწე ბიზნესისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
როგორ უზრუნველყოფენ საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში, კომპანიები მდგრადობის სტანდარტების დანერგვას?
ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
სტუმრები: ნინო ბაკურაძე - სამედიცინო ცენტრი „ციტოს“ კლინიკური მენეჯერი;
ნატალია კალანდარიშვილი - American Hospitals-ის ხარისხისა და აკრედიტაციის დირექტორი;