ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში სისტემური პრობლემებია დაგროვილი, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ შესრულებაზე უარყოფითად აისახება. როგორც სოხაძემ აღნიშნა, დეპარტამენტი ამჟამად 4.2 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებს მართავს, თუმცა მათი უმეტესობა გეგმის მიხედვით არ სრულდება.
აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის სესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს უკავშირდება როგორც უშუალოდ კონტრაქტორების მხრიდან ხარვეზებს, კადრების დეფიციტს, სამინისტროში პროექტის მენეჯმენტის ნაკლოვანებებს და საინჟინრო პროექტში არსებულ ხარვეზებს, რომლებსაც კონტრაქტორი მშენებლობის ეტაპზე აღმოაჩენს.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4.2 მილიარდი ლარის პროექტებს მართავს, გამოკვეთილი არის შემდეგი პრობლემები: სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი.
135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული და ალბათ პარლამენტარები, რომლებიც ადგილზე ხშირად გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობა და კონკრეტულად ადევნებთ თვალყურს პროექტებს, დამეთანხმებით, რომ ბევრი არის სამწუხაროდ ასეთი მაგალითი.
კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთვა ერთდროულად რამდენიმე პროექტით, ხარვეზები საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა დამატებით კორექტირების აუცილებლობას.
არასრულფასოვანი პროექტი ყოველთვის ხდება მიზეზი იმისი, რომ პროექტის გახანგრძლივება მოხდეს დროში. შესაბამისად, სამუშაოების წარმოების ეტაპზე, როდესაც აღმოჩნდება, რომ პროექტი არის ხარვეზიანი, აუცილებელი არის ამ ხარვეზის გამოსწორება, რაც თავისთავად გარკვეულ ვადებს მოითხოვს და ხდება ამ მიზეზით პროექტის გახანგრძლივება.
ასევე არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, მომსახურების დაბალი ხარისხი გზების მოვლა-შენახვის მიმართულებით. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს საქმიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ გზების ეფექტურ მოვლა-შენახვაზე, მათ შორის, არის დამოკიდებული, თუ რამდენად ხანმედეგი იქნება ესა თუ ის პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და რამდენ ხანს, დიდხანს გაძლებს ესა თუ ის კონკრეტული მაგისტრალი იქნება თუ შიდა სახელმწიფოებრივი გზა,"- განაცხადა რევაზ სოხაძემ.




























