მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევისწავლით ამ საკითხს და ყველა ზომა გატარდება, რათა მინიმიზებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ კიდევ განმეორდება" - მინისტრი

რევაზ სოხაძე

"სამომავლოდ ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ ის კიდევ განმეორდება“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომელიც თელავში, სტიქიის ზონაში რეგიონული განვითარების და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად ჩავიდა.

მისი განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული იმისთვის, რომ თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას.

"ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართულია. აქ ვიმყოფები ბატონ კახა გულედანთან და დავით სონღულაშვილთან ერთად. ცხადია, პარლამენტის წევრებთან და გუბერნატორთან ერთად. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რასაც ახლა თელავში ყველანი ერთად ვუყურებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს. სამომავლოდ ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და ყველა ზომა გატარდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმიზებული იყოს სტიქიის შედეგები, თუ ის კიდევ განმეორდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, „სტიქია მასშტაბურია. რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია".

თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

თელავში ძლიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტაბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხადებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია გარკვეული ქუჩების მდგომარეობის დეტალური შესწავლა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

ამ დროისთვის თელავში ნალექი შეწყდა და წყლის დონემ იკლო, თუმცა მოსახლეობა კვლავ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები