მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტიქია მასშტაბურია" - დავით სონღულაშვილი თელავშია

დავით სონღულაშვილი

„სტიქია მასშტაბურია. რაც პირველადი დათვალიერებით ჩანს, ზიანი საკმაოდ დიდია", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა თელავში განაცხადა. ინფოემაციას IPN ავრცელებს.

მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს.

"სამინისტროები ჩართული არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი დათვლილი, შეფასებული და აღმოფხვრილიც. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენითი ღონისძიებები. ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც შეფასდება ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დროულად იყოს აღდგენილი და ქალაქმა შეძლოს აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

თელავში ძლიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტაბის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხადებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია გარკვეული ქუჩების მდგომარეობის დეტალური შესწავლა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

ამ დროისთვის თელავში ნალექი შეწყდა და წყლის დონემ იკლო, თუმცა მოსახლეობა კვლავ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები