მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გზების დეპარტამენტმა გზების მშენებლობის ზედამხედველი კომპანიის შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა

გზა ავტობანი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ორი ახალი ტენდერი საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე, რომელთა ჯამური სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს.

პირველი ტენდერი ითვალისწინებს საზედამხედველო მომსახურებას აღმოსავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობის ზედამხედველობაზე. ასევე, უწყების თანახმად, საზედამხედველო კომპანიას შეიძლება მუშაობა მოუწიოს ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო პროექტზეც, თუკი დეპარტამენტისგან შესაბამისი დავალება იქნება.

მეორე ტენდერი შეეხება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის, პრევენციისა და ნაპირდაცვის სამუშაოებზე ზედამხედველობას.

ტენდერების ფარგლებში, მომსახურების შესრულება განახლებული პირობებით იგეგმება და სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა თითოეულ ობიექტზე და ადგილზე უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების მიღება. საზედამხედველო მომსახურებების ვადა ორი წელი იქნება.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ შესყიდვის ღირებულების მინიმუმ 100%-ის მოცულობის საზედამხედველო სამუშაოები უნდა ჰქონდეთ ჩატარებული. პირველ ტენდერში ეს თანხაა 4 მილიონი ლარი, მეორე ტენდერში კი 4.9 მილიონი ლარი.

ტენდერებით განსაზღვრული იმ სამუშაოების ღირებულება, რომელთაც ზედამხედველობა ესაჭიროება, ჯამურად დაახლოებით 220 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად ვადა 18 ივლისამდე აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები