ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 886,716 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე პაპასყურეზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციაზე.
უწყების ინფორმაციით, არსებული ხიდი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და ის გეომეტრიული პარამეტრებითა და დატვირთვის გამძლეობით ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე საგზაო სტანდარტებს და რეაბილიტაციას საჭიროებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი მალით, 13,1 მეტრი სიგრძის და 9,7 მეტრი სიგანის სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ახალი ხიდი მოიცავს განახლებულ საავტომობილო საფარს, ტროტუარებს თვალამრიდებით და მოაჯირებით. სამუშაოების პერიოდში, ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისთვის, მოეწყობა დროებითი შემოვლითი გზა.
განხორციელების ვადად განსაზღვრულია 8 თვე სამუშაოების დაწყებიდან.




























