მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების დეპარტამენტს ზესტაფონში, სამი მოქალაქისთვის მიწების ჩამორთმევის უფლება მიენიჭა

5f99539589bef
ინგა მურუსიძე
28.10.20 21:20
3056
ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით გარკვეული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად ირკვევა, რომ საქმე ეხება ზესტაფონის მუნიციპლიტეტის სოფელ ქვედა საქარაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომელთა დათმობაზე მეპატრონეებმა უარი თქვეს.

ბრძანებაში წერია, რომ საგზაო დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ლია ბიბილაშვილის, იათამზე ბიბილაშვილის და ვიქტორ ბიბილაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ 804.00 კვ.მ და 2072.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

როგორც ბრძანებაში განმარტებულია, აღნიშნული მიწის ნაკვეთების დაუთმობლობა აფერხებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა.

„E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას (F-4) მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შორაპანი-არგვეთას (F-4) მონაკვეთის მშენებლობის პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: ლია ბიბილაშვილის, იათამზე ბიბილაშვილის და ვიქტორ ბიბილაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 804.00 კვ.მ და 2072.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე“, - წერია მინისტრის ბრძანებაში.

მხარეებს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები