მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა შროშისა და ე.წ. ყავების ქუჩის ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების მოწყობა?

შროშა

შროშის ალტერნატიული სავაჭრო სივრცე მაგისტრალზე შენდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. როგორც bm.ge-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სავაჭრო სივრცის მოწყობის სამუშაოების 70-80% უკვე დასრულებულია. სამუშაოებს შპს "კუბიქსი" ასრულებს, რომელმაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ იანვარში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა, ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა, ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარული თვის ვადაში, ანუ ორ წელიწადში დაასრულოს.

E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილის - დასვენების და გაჩერების ადგილებისა და მათი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარი უჯდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ალტერნატიული სივრცის მოწყობა იგეგმებოდა ხაშურის შემოვლით გზაზე ჰამაკებით მოვაჭრეებისთვისაც. სივრცე გამოყოფილია, თუმცა, ის დღემდე ცარიელია.

რაც შეეხება ზესტაფონში ე.წ. ყავების ქუჩას, სადაც ათობით სავაჭრო ობიექტია განთავსებული, მაგისტრალის გახსნის შემდეგ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომლის ვადაც დღეს სრულდება, თუმცა, როგორც bm.ge-ს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინტერესის შესახებ არცერთი განაცხადი არ შესულა.

ცნობისთვის, ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გვერდს უვლის, როგორც ქალაქ ხაშურს, ასევე სურამს, შროშას, ზესტაფონის ე.წ. ყავების ქუჩას, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციებზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს საფრთხე შეექმნათ. მგზავრთნაკადის შემცირების გამო, მათ დიდ ნაწილს ოპერირება შეჩერებული აქვს. ზოგმა კი ნაწარმის რეალიზებისთვის ალტერნატიული გზა იპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები