მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვაჭრეებთან კომუნიკაცია გვაქვს" - რა ეტაპზეა ხაშურში ერთიანი სავაჭრო სივრცეების პროექტი?

635e2d2d2b1b2
მარიამ იზორია
30.10.22 13:00
570
ხაშურში 2020 წელს 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზის გახსნის გამო, ჰამაკებით მოვაჭრეებისთვის ძველი სავაჭრო ტერიტორია მომგებიანი აღარ არის, ვინაიდან მაგისტრალის ახალი მონაკვეთები ე.წ “ჰამაკების ბაზრობას” გვერდს უვლის, რაც თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოვაჭრეები იქ პროდუქტის რეალიზაციას ძველებურად ვეღარ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების საჭიროებაც და 2020 წელსვე ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის ერთიანი სავაჭრო სივრცის პროექტიც დაიგეგმა.

რა ხდება ახლა? - იქიდან გამომდინარე, რომ სივრცეები ჯერ მზად არ არის, როგორც ადგილზე გვითხრეს, თვითდასაქმებულების ნაწილმა ვაჭრობის ლოკაცია შეიცვალა, ზოგიერთი მათგანი ჩუმათელეთის გზაზე გადავიდა, რომელსაც ახალი გზა ჯერჯერობით გვერდს არ უვლის. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებიც, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში შესული 13-კილომეტრიანი გზის გაგრძელებაა. ამ გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი მანქანები გვერდს უკვე სურამში ნაზუქით მოვაჭრეებსაც აუვლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ “ნაზუქების ბაზარმაც” ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.

როდის დაიწყება აღნიშნული პროექტის განხორციელება და როდის შეძლებენ თვითდასაქმებულები ერთიანი სავაჭრო სივრცით სარგებლობას? - bm.ge საკითხზე ხაშურის მერს დაუკავშირდა.

თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მოვაჭრეებთან მერიას აღწერის მიზნით კომუნიკაცია მუდმივად აქვს.

“ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტია. ერთ მხარეს არსებობს უკვე ეს სივრცე, თუმცა ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ელოდებიან როდის დასრულდება გზა. მოვაჭრეებთან აღწერის მიზნით კომუნიკაცია გვაქვს, როგორც დავთვალეთ, 60-მდე ადამიანი უნდა გადავიყვანოთ. ვფიქრობ, ადგილმდებარეობის შეცვლა პრობლემაა, ახლა სადაც ვაჭრობენ, მათთვის სახლებთან ახლოს არის. თუმცა რას ვიზამთ კანონის ჩარჩოებში უნდა მოვექცეთ. ეს მათი ინტერესიც უნდა იყოს, რადგან უფრო მეტს გაყიდიან, ძირითადი მოძრაობა იქ იქნება”, - აღნიშნავს ხაშურის მერი.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მოვაჭრეებისთვის სივრცით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება, თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სავარაუდოდ - არა.

“პირველ ეტაპზე შესაძლოა გადასახადი არ იყოს, თუმცა საბოლოოდ, გადასახადი ალბათ იქნება”, - ამბობს მერი.

აღსანიშნავია, რომ bm.ge ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებში გადასვლაზე სურამში ნაზუქით მოვაჭრეებსაც ესაუბრა. მათი ნაწილი ადგილმდებარეობის შეცვლას პრობლემად მიიჩნევს. ამასთან, თვითდასაქმებულები უარყოფითად აფასებენ გადასახადს, რომელიც შესაძლოა, მათ ამ სივრცეში დაუწესდეთ.

ინფორმაციისთვის: bm.ge-მ პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც მოიკითხა. მათი ინფორმაციით, სავაჭრო სივრცეებისთვის ყველაფერი რაც გზის მშენებლობის ფარგლებში უნდა გაკეთებულიყო, უკვე მზადაა. მათ შორის დაიგო ბეტონი, მოეწყო მოედნები და მისასვლელ-გამოსასვლელი სივრცეებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ისიც აღნიშნეს, რომ გზის მშენებლობა, საბოლოოდ, 2023 წელს დასრულდება და ერთიანი სავაჭრო სივრცეებიც, სავარაუდოდ, ამ პერიოდში გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები