ხაშურში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოველდღიურად იუსტიციის სახლები 20000 ადამიანს ემსახურება, ხოლო ოპერატორები 5000-ზე მეტ ზარს პასუხობენ.
მისივე ინფორმაციით, ყოველი ახალი იუსტიციის სახლი მეტი დასაქმების ადგილის შექმნისა და ქვეყნის მეტად განვითარებას გულისხმობს.
„ყოველდღიურად იუსტიციის სახელები 20000 ადამიანს ემსახურება, ხოლო ჩვენი ოპერატორები 5000-ზე მეტ ზარს პასუხობენ. მე ამაყი ვარ, რომ მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა კმაყოფილება 95%-ზე მეტია. ეს არ არის ჩვენი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო სტატისტიკა.
ყოველი იუსტიციის სახლი არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება, მეტი დასაქმების ადგილი და ეს რა თქმა უნდა, მეტ განვითარებას გულისხმობს. გარდა ინფრასტრუქტურისა, იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილი, სადაც მან უნდა იგრძნოს თავი რომ სახელმწიფო ნამდვილად არის მისი სახლი და მას შეუძლია ქართულ სახელმწიფოს დაეყრდნოს. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ სიახლეებზე, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერით ყოველდღიურ რეჟიმში იგეგმება როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე იუსტიციის სახლებში სიახლეები.
ჩვენგან მარცხენა მხარეს, არის ზუსტად ამის მაგალითი. მობილური იუსტიციის სახლი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ადგილზე, ფაქტობრივად საკუთარი სახლის ჭიშკართან ყველა ის მომსახურება მივაწოდოთ, რასაც მოქალაქეები იუსტიციის სახლებში იღებენ. ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, სოფლად ცხოვრება და იუსტიციის სახლებისგან მოშორებით ცხოვრება უფრო კომფორტული გახდა, სახელმწიფო სერვისების თვალსაზრისით“,- განაცხადა ბრეგაძემ.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 500-მდე საზოგადოებრივ სერვისს მიაწვდის. აღნიშნული, 121-ე იუსტიციის სახლია ქვეყანაში. სამომავლოდ, კი საქართველოს მასშტაბით, კიდევ 10 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება.