ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ლეგენდარული ბრილიანტი "ფლორენცია", ჰაბსბურგების საიმპერატორო ოჯახის 137-კარატიანი ყვითელი, ნესვის ფორმის ძვირფასი ქვა, 100 წლის გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა.
ბრილიანტი, ლუვრიდან სამეფო სამკაულების ქურდობის შედეგად გამოწვეული აჟიოტაჟის წყალობით გამოჩნდა, რადგან მომხდარმა სხვა ცნობილი მოპარული ან დაკარგული არტეფაქტების მიმართ ინტერესი განაახლა.
"კანადაში აღმოჩენილი ქვა უდავოდ არის "ნამდვილი, ისტორიული "ფლორენციული ბრილიანტი"", — განაცხადა კრისტოფ კოერტმა AE Köchert-ის , ავსტრიის საიმპერატორო სამკაულების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა.
სამეფო ოჯახის თქმით, ბრილიანტს უახლოეს წლებში კანადის ერთ-ერთ მუზეუმში გამოფენენ მადლობის ნიშნად და განმარტავენ, რომ სამკაულების ღირებულება არ საჯაროვდება, არც მათი გაყიდვა არ იგეგმება.
როგორც აღმოჩნდა, იმპერატორ კარლ I-ის მეუღლემ ზიტამ 1940-იან წლებში, როდესაც ნაცისტები ევროპას იპყრობდნენ, ქვა კანადაში ჩაიტანა და ამის შემდეგ ის, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სხვა სამეფო სამკაულებთან ერთად ბანკის საცავში ინახებოდა.
ფლორენციული ბრილიანტის ისტორია

იმპერატორი კარლ I მეუღლესთან ერთად
ბრიტანეთისთვის ბრძოლის პიკში, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობას 186 332 ოქროს გრაგნილის შესანახად საიდუმლო ადგილის საჭიროება გაუჩნდა, მან კანადას მიმართა.
ატლანტის ოკეანის გადაღმა გადატანის და მონრეალში, ნაჩქარევად აშენებულ საცავში ოქროსა და სამეფო სამკაულების შენახვის გასაიდუმლოებულ ოპერაციას "თევზი" (Fish) ეწოდა. კანადა ევროპულ ოქროს ომის დასრულებამდე, 1945 წლამდე, ინახავდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ კანადას და მის ბანკებს საიდუმლოს შენახვა ნამდვილად შეუძლიათ.
ამიტომ, ალბათ, არც ისე გასაკვირია, რომ ფლორენციული ბრილიანტი, რომელიც ერთ დროს ისტორიისთვის დაკარგულად მიიჩნოედა, ათწლეულების განმავლობაში კანადის ბანკის საცავში ინახებოდა.
ფლორენციული ბრილიანტი, 137-კარატიანი, მსხლის ფორმის ძვირფასი ქვა, რომელიც “ფაქიზი ციტრუსისფერი" ელფერით ბრწყინავს, საუკუნეების განმავლობაში ევროპის სამეფო ოჯახებს ამშვენებდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მისი იდუმალი გაუჩინარების შემდეგ, ისტორიკოსები და ექსპერტები შიშობდნენ, რომ ბრილიანტი მოიპარეს, დაანაწევრეს ან სამხრეთ ამერიკაში გადამალეს.
საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, ფასდაუდებელი ძვირფასეულობის ბედი, სინამდვილეში, სამეფო ოჯახის საიდუმლოებად რჩებოდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ სულ რამდენიმე მემკვიდრემ იცოდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა, კარლ I-მა ძვირფასეულობა ბოლშევიკური და ანარქისტული აჯანყებების შიშის გამო შვეიცარიაში, უსაფრთხო ადგილას გადაიტანა. მოგვიანებით ის და მისი ოჯახიც გადასახლდნენ შვეიცარიაში.

ბანკის საცავში აღმოჩენილი ჩემოდნის შიგთავსი - სამეფო სამკაულები
1940 წელს, ნაცისტების ევროპაში სწრაფი ექსპანსიის პირობებში, ჩარლზის მეუღლემ, ზიტამ, კონტინენტი დატოვა და თავის რვა შვილთან ერთად შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სამეფო ძვირფასეულობა კი მას უბრალო ჩემოდანში ედო. შემდეგ ოჯახი კანადაში გაემგზავრა და კვებეკის პროვინციაში დასახლდა.
"ბებიაჩემი ძალიან უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ბოლოს და ბოლოს შეძლო ამოესუნთქა", - განუცხადა New York Times-ს კარლ ფონ ჰაბსბურგ-ლოტრინგენმა, ჩარლზ I -ის შვილიშვილმა. "ვფიქრობ, იმ ეტაპზე სამკაულებით სავსე ჩემოდანი კანადაში, ბანკის საცავში შეინახეს და იქ დარჩა.”
სამკაულების საცავში მოთავსების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ორ ადამიანს, იმპერატორის ვაჟებს, რობერტსა და როდოლფს ჰქონდათ. ზიტამ ითხოვა, ბრილიანტის არსებობის და ადგილმდებარეობის შესახებ შარლის გარდაცვალებიდან - 1922 წლიდან, მხოლოდ 100 წლის შემდეგ გაემხილათ. გარდაცვალებამდე ძმებმა ეს ინფორმაცია თავიანთ ვაჟებს გადასცეს.
"რაც უფრო ნაკლებმა იცის ამის შესახებ, მით უფრო მაღალია უსაფრთხოება", — თქვა ფონ ჰაბსბურგ-ლოტრინგენმა.
ლეგენდები ბრილიანტის შესახებ და სამომავლო გეგმები
ბრილიანტის გაუჩინარების შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობდა. ერთ-ერთის მიხედვით, ძვირფასი ქვის გაუჩინარებას ჰიტლერის მიერ მოპარულ ავსტრიულ სამკაულებს უკავშირებდნენ ან რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს ალმასი და ვენაში დააბრუნეს. კიდევ ერთი ვერსიით, ალმასი სამხრეთ ამერიკაში წაიღეს, ხელახლა დაამუშავეს და შემდეგ შეერთებულ შტატებში გაყიდეს. ზოგიერთის აზრით, ჰაბსბურგებმა, რომლებიც იმპერიის დაცემისას მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ, ბრილიანტი და სხვა ქონება გაყიდეს.




























