მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის სისტემა 36 საწარმოს აქვს დანერგილი

3434

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უწყების თანახმად, სისტემა უკვე დანერგილი აქვს ქვეყნის 36 უმსხვილეს საწარმოს.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟების ვალდებულება გაუჩნდათ, "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში 2021 წლიდან ამოქმედდა. გასული წლის მარტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ BMG-სთვის მოწოდებული მონაცემებით, სისტემის დამონტაჟების ვალდებულება 51 აქტიურ საწარმოს ჰქონდა, თუმცა 2023 წელს, შესაბამისი მოთხოვნა მხოლოდ 31-მა დააკმაყოფილა. როგორც განახლებული სტატისტიკა მოწმობს, მაჩვენებელი მცირედით, 5 საწარმოთია გაზრდილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს გამწმენდი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს.

სამინისტროს ცნობით, ის სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების უმსხვილეს საწარმოში, სს „რუსთავის აზოტში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს და ბოლო წლებში განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შედეგებს გაეცნო.

„რუსთავის აზოტი“ ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის ევროკავშირის, სამხრეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის 15-მდე ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ საქმიანობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებით. 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (airMonitoring). სისტემის საშუალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტ კონტროლს ახორციელებს.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სამრეწველო ზონაში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს და უმსხვილეს საწარმოებს შორის თანამშრომლობამ და შესაბამისმა ახალმა კანონმდებლობამ ხელშესახები შედეგი მოგვცა. საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების, გამწმენდი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უმსხვილესი წარმოების პარალელურად, გარემოზე ზრუნვა.

„გამკაცრებული რეგულაციების, სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგულარული კონტროლის შედეგია, რომ გაფრქვევის ელექტრონული თვითმონიტორინგის სისტემაში უკვე ჩართულია რუსთავში მოქმედი 15 საწარმო, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

სს „რუსთავის აზოტში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები