ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა ბიზნესის ნაწილს კვლავ არ აქვს.
რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟების ვალდებულება გაუჩნდათ, "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში 2021 წლიდან ამოქმედდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ BMG-სთვის მოწოდებული მონაცემებით, ამ ეტაპზე, თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება 51 აქტიურ საწარმოს აქვს, თუმცა 2023 წელს, შესაბამისი მოთხოვნა მხოლოდ 31-მა დააკმაყოფილა.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, გასულ წელს, 15 საწარმოს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის 13 ჯარიმას, ხოლო 2 შენიშვნას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ჯარიმა 5 კომპანიის მიმართ გამოიწერა.
გასულ წელს 13 კომპანია ჯამში 240 ათასი ლარით დაჯარიმდა. კერძოდ:
- შპს რუსთავი სთილ კორპ. კომპანი - 10 000 ლარი;
- შპს ქიმინვესტი - 10 000 ლარი;
- შპს ანტკელი - 10 000 ლარი;
- შპს ეკოგაჯი - 10 000 ლარი;
- შპს დენმარკ - 40 000 ლარი;
- შპს გეგმეტი - 10 000 ლარი;
- შპს აგროქემიკალს ჯორჯია - 10 000 ლარი;
- შპს ველი - 20 000 ლარი;
- შპს ჰოლდინგი - 40 000 ლარი;
- შპს ჯერმან ცემენტ ლტდ - 10 000 ლარი;
- შპს ჯეო ცემენტი - 40 000 ლარი;
- შპს პრემიუმ ჰოლდინგი - 10 000 ლარი;
- შპს რუსთავის ფოლადი - 20 000 ლარი.
ცნობისთვის, 2021-2022 წლებში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 600 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.