მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი ნომერი და მისამართი ინტერნეტში გამოაქვეყნეს-ZDNet

5e81bb20d88dc
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.20 13:28
16899
ამერიკული ონლაინ-გამოცემა ZDNet-ი წერს, რომ 28 მარტს, ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის, (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტში, გაასაჯაროვეს.

საუბარია მოქალაქის სახელზე, გვარზე, პირად ნომერზე, მის მისამართზე ასევე დაბადების თარიღზე. გამოცემის ცნობით, ფაილის ზომა, რომლითაც მოქალაქეთა პირადი მონაცემები გასაჯაროვდა 1.04 გიგაბაიტია. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის კომპანია Under the Breach აღმოაჩინა და ZDNet-ს მიაწოდა. 

ZDNet-ის ინფორმაციითვე, ინფორმაციის გაზიარების დროს ჰაკერებმა მიუთითეს, რომ ინფორმაციის წყაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემა წარმოადგენდა, თუმცა, ინფორმაციის ზუსტი წყარო - თუ რომელი უწყების მონაცემთა ბაზიდან მოხდა მისი გატანა და გასაჯაროება, უცნობია.

BMG-ი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს მიმართავს და მკითხველს პასუხს მიღებისთანავე ვაცნობებთ.

განახლება 13:57 წუთზე:

BMG-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გასაჯაროებული მონაცემთა ბაზა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ცესკოს სისტემაში ინახება. კერძოდ კი ცესკოს ამომრჩეველთა ბაზა არ შეიცავს გარდაცვლილი მოქალაქეების სიას, ასევე არ არის სიაში მამის სახელის ველი, შესაბამისად, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მათი მონაცემთა ბაზიდან არ მომხდარა. 

"ამ სიაში საუბარია 4 მილიონზე მეტ ამომრჩეველზე, ჩვენ სიაში არის 3.5 მილიონი ამომრჩეველი. გარდა ამისა, მიცვალებულები არის მოცემული, რაც ჩვენს ბაზაში არ არის. ასევე აღნიშნულია მამის სახელი, ეს მონაცემები ჩვენს ბაზაში აღნიშნული არ არის,"- ამბობენ ცესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები