ამერიკული კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-ის ანგარიშით, სამხრეთ კორეის საფინანსო სექტორზე თავდასხმა ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში მცხოვრებმა 26 წლის ეჭვმიტანილმა განახორციელა. მან ჩინური AI ინსტრუმენტი ARTEX-ი და Anthropic-ის მოდელი Claude Code-ი გამოიყენა.
როგორც ირკვევა, სპეციალისტებმა ეჭვმიტანილის პერსონალური მონაცემები კოდირების სესიების ანალიზის შედეგად გამოავლინეს. ანალიტიკოსების შეფასებით, თავდამსხმელი ჩინურ ენაზე საუბრობდა და ფინანსური მოტივით მოქმედებდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავდამსხმელმა Claude-ს კორეული ბანკებიდან მოპარული მონაცემების გასაყიდი Telegram-არხების მოძიებაში დახმარება სთხოვა. ამავე პლატფორმაზე მან უსაფრთხოების მკვლევრის რეზიუმეც შეადგინა. სწორედ ამ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით CrowdStrike-მა მისი ადგილმდებარეობისა და ასაკის დადგენა შეძლო.
საყურადღებოა, რომ მომხდართან დაკავშირებით Anthropic-ს კომენტარი ჯერ არ გაუჟღერებია.
























