მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HAMAS-ის ლიდერი, იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია - ვინ იქნება ახალი ლიდერი?

იაჰია სინვარი

ისრაელის ჯარმა HAMAS-ის ლიდერი და შვიდ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის ორგანიზატორი, იაჰია სინვარი მოკლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სინვარის ლიკვიდაცია ღაზის სექტორის სამხრეთში შედგა, როცა ისრაელის ჯარმა HAMAS-ის წევრს შემთხვევით გადაეყარა. ეს ადამიანები სახლში იმალებოდნენ, რომელზედაც იერიში ტანკმა მიიტანა და, როგორც რამდენიმე დღეში გაირკვა, ლიკვიდირებულთა შორის HAMAS-ის რამდენიმე ლიდერი აღმოჩნდა, მათ შორის იაჰია სინვარი.

ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაციას მალევე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნა, რომ იაჰია სინვარის სიკვდილით, ისრაელმა HAMAS-ის შემდგომი პერიოდისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ მისია, რომელიც ისრაელმა დაისახა, მისი თქმით, ჯერ არ დასრულებულა. თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ ვაშინგტონში, სადაც მიაჩნიათ, რომ იაჰია სინვარის ლიკვიდაციით, HAMAS-ის სტრუქტურაში ვაკუუმი გაჩნდა, რა დროსაც ღაზის სექტორში ომის დასრულება შეიძლება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკავს და ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაზე დაელაპარაკება.

ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ეს გამონათქვამები HAMAS-ის სტრუქტურაში იაჰია სინვარის როლს უკავშირდება, რადგან გაუგებარია, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ორგანიზაციას მისი ლიკვიდაციის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, HAMAS-ის ახალ ლიდერად იაჰია სინვარის მოადგილე, ჰალილ ალ-ჰაია განიხილება, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში არის ბაზირებული და ისრაელთან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი იყო. არაბი კომენტატორები იაჰია სინვარის ძმის, მუჰამედ სინვარის კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელიც, ამ დროისთვის, HAMAS-ის ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის, “ალ-ქასამის ბრიგადის” ერთ-ერთი ლიდერია. მანამდე, როგორც ცნობილია, ისრაელმა HAMAS-ის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე და “ჰეზბოლას” ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები