პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერებმა ეგვიპტელ და კატარელ მომლაპარაკებლებს განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერისთვის მზად არიან.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეჯერებული დოკუმენტის თანახმად, ისრაელსა და ჰამასს შორის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდება და მას ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს. აღნიშნულ პერიოდში, ეტაპობრივად გათავისუფლდება 10 ცოცხალი ტყვე და ისრაელის მხარეს 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედარი გადაეცემა. თავად ისრაელის შეიარაღებული ძალები კი ღაზას ნელ-ნელა დატოვებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ღაზაში საერთაშორისო ორგანიზაციების, წითელი ნახევარმთვარისა და გაეროს ჰუმანიტარული დახმარებები უნდა შევიდეს.
როგორც ცნობილია, ამჟამად მოლაპარაკებები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომლაპარაკებლებს ქალაქში დარჩენა სთხოვეს, რადგან მოელიან, რომ შეთანხმება უახლოეს საათებში, მაქსიმუმ კი 2-3 დღეში გაფორმდება.




























