მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

H&M-ი 35 მლნ ევროთი დაჯარიმდა – მიზეზი თანამშრომლებზე ინფორმაციის უკანონო მოპოვებაა

5f7c4316400a7
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.20 23:40
1386
მსოფლიოში ცნობილი შვედური კომპანია H&M-ი 35 მლნ ევროთი დაჯარიმდა თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადების მიხედვით, საქმე ეხება ბავარიის ქალაქ ნურემბერგში განთავსებულ ფილიალს, სადაც აღმოჩნდა, რომ კომპანია H&M-ი ქსელში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ თანამშრომელზე პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ ფლობდა.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული მასალა მოიცავდა ისეთ დეტალებს, როგორიც არის: ინფორმაცია ოჯახზე, რელიგიურ აღმსარებლობაზე, ჯანმრთელობის ისტორიაზე და ასე შემდეგ.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსხვილი კომპანია პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო ჯარიმდება. ერთი წლის წინ, საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, Google-ი 50 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

H&M-ის საქმეზე გამოძიება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანიის ბაზაში აღმოჩნდა პირადი მიმოწერების შედეგად მიღებული ინფორმაციაც. გაირკვა, რომ ზოგიერთი მენეჯერი მსგავს დეტალებს დასაქმებულებისგან არაფორმალური საუბრისას იღებდა, რასაც შემდეგ HR სამსახური საკადრო პოლიტიკის შემუშავებისა და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას იყენებდა.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ფილიალის ყველა თანამშრომელი, რომელიც კომპანიაში 2018 წლის მაისიდან მუშაობდა, ფულად კომპენსაციას მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე საკომპენსაციო თანხის ოდენობა არ სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები