ბავარია საკუთარ ტურისტულ პოტენციალს კიდევ ერთ მარგალიტს შემატებს - LEGOLAND Deutschland-ის კურორტზე "ჰარი პოტერის" თემატიკის მსოფლიოში პირველი სასტუმრო გაიხსნება.
როგორც "ჰარი პოტერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჯადოსნური ტურისტული ობიექტი, რომელიც პირველ სტუმრებს 2026 წელს მიიღებს, Merlin Entertainments-ისა და Warner Bros. Discovery Global Experiences-ის თანამშრომლობის შედეგია.
თემატური სასტუმროს გახსნა ბავარიის ტურიზმის ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს. რეგიონი, რომელიც ტრადიციულად ისტორიული ძეგლებით, ალპური ხედებითა და კულტურული მემკვიდრეობით იყო ცნობილი, ახლა დამატებითი ატრაქციის სახით ფენტეზის ჟანრის ტურიზმსაც ითვისებს. კურორტი ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა - ის მიუნხენიდან და შტუტგარტიდან, ავტომობილითა თუ მატარებლით, სულ რაღაც 90 წუთის სავალზეა.
სასტუმროს განვითარების გეგმები აჩვენებს, რომ პროექტის ავტორები LEGO-ს ინტერპრეტაციით "ჰარი პოტერის" სამყაროს ატმოსფეროს შექმნას ზედმიწევნით დიდი ყურადღებას უთმობენ. თითოეულ ნომერში "ჰოგვორტსის" ოთხი ფაკულტეტის - გრიფინდორის, ჰაპლპაფის, რეივენქლოსა და სლიზერინის - უნიკალური დიზაინის ელემენტები დაგხვდებათ .
გამოცემა Travel and Tour World-ის ცნობით, სასტუმროს საერთო სივრცეებში ფილმის საკულტო ადგილები LEGO-ს ესთეტიკით იქნება წარმოდგენილი. აღმასრულებელი დირექტორის, ფიონა ისტვუდის განცხადებით, ეს პროექტი Merlin Entertainment-ის "ყველაზე დიდი ერთჯერადი ინვესტიციაა LEGOLAND-ის არსებულ ობიექტში", რაც კონცეფციის მიმართ კომპანიის ნდობას უსვამს ხაზს.
გერმანიის ტურიზმის ეროვნული საბჭო ექსპერიმენტული ტურიზმის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავს, როდესაც ვიზიტორები უბრალო დათვალიერების ნაცვლად, ჩართულობასა და შთაბეჭდილებებს ეძებენ.
რეგიონული ტურიზმის მონაცემებით, თემატური ატრაქციონები მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივობას ქმნის, რაც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებსა და საცალო მოვაჭრეებს - წერს Travel and Tour World.
პროექტი ბავარიის მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას ისახავს მიზნად, სასტუმრო კი "რეგიონის გლობალური იმიჯის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს".
გერმანიაში "ჰარი პოტერის" სასტუმრო, სავარაუდოდ, მომდევნო 12 თვეში გამოჩნდება.




























