Hegelmann Georgia, რომელიც საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Hegelmann Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით იწყებს. კომპანიის საქმიანობის შესახებ BM.GE-ს Hegelmann-ის ლოგისტიკის ხელმძღვანელი, ირაკლი სიორდია ესაუბრა.
“Hegelmann Georgia გერმანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც, დაახლოებით, ორი წელია, რაც ბაზარზე შემოვიდა და ტვირთების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვინაიდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ევროპაში გვაქვს, ძირითადი მიმართულებაც ტვირთების ევროპაში და ევროპიდან ტრანსპორტირებაა.
თუმცა უკვე დავიწყეთ და, დღეს დაიტვირთა პირველი ავტომობილი ჩინეთში, ეს იქნება პირველი მანქანა, ქართულ ნომრებზე, რომლებიც ტვირთის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპაში, კერძოდ ბრიუსელსა და გერმანიაში, საქართველოს გავლით მოახდენს”, - ამბობს სიორდია.
Hegelmann-ის ლოგისტიკის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სახმელეთო მარშრუტით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი 28 დღეში ჩადის, ნაცვლად საზღვაო გადაზიდვისა, რომელიც, წითელ ზღვაში შექმნილი ვითარების გამო, 2 თვემდე პერიოდს საჭიროებს.
“მსოფლიოსა და, განსაკუთრებით, რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინეთიდან საზღვაო ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა და კვლავ მზარდია. გაიზარდა დროც. სწორედ ამ დროის შესამცირებლად ვმუშაობთ და გადავწყვიტეთ, სახმელეთო გადაზიდვა განგვევითარებინა. ეს საშუალებას იძლევა, ჩინეთიდან ტვირთები ევროპაში, საქართველოს გავლით, 28 დღეში მოხვდეს, ნაცვლად წითელი ზღვის მარშრუტისა, რომელსაც, საშუალოდ, 2 თვეზე მეტი სჭირდება”, - ამბობს სიორდია.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოფისის მიერ ევრაზიაში ტვირთის ტრანსპორტირება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებამ და ამ ქვეყანასა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლამ გაამარტივა.
სიახლეებზე საუბრისას Hegelmann Georgia-ს წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ტვირთების გადაზიდვა იგეგმება საქართველოდ ყაზახეთშიც, რაც კომპანიაში ახალ ლოგისტიკურ ჯაჭვს ქმნის.
“ვიწყებთ ტვირთების გადაზიდვას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით. ვკრავთ ლოგისტიკურ ჯაჭვს: ჩინეთიდან საქართველოს გავლით ევროპაში, ევროპიდან კი საქართველოსა და ყაზახეთში”, - ამბობს ირაკლი სიორდია.
BM.GE-სთან საუბარში Hegelmann Georgia-ს ლოგისტიკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია საკუთარ ავტოპარკს ფლობს, რომელიც 15-მდე ავტომობილს აერთიანებს.
“საერთო ჯამში კომპანიას 6 000-მდე ავტომანქანა ჰყავს, რომელთა ძირითადი ნაწილიც სატვირთო ტენტიანი ავტომობილებია, თუმცა გვყავს ავტომზიდები და მაცივარ-მანქანებიც. რაც შეეხება ქართულ ავტოპარკს, ამჟამად გვყავს 15-მდე ავტომობილი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო მიმართულებას ვავითარებთ, ვგეგმავთ მანქანების დამატებასაც”, - ამბობს სიორდია.
კომპანიის წარმომადგენელს ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინებაა, რის გამოც, Hegelmann Georgia სასწავლო კურსებსაც აორგანიზებს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ირაკლი სიორდია აღნიშნავს, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას გეგმავს, თუმცა დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს.