მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heineken-მა და HMD-მ მობილური ტელეფონი გამოუშვეს

HMD Heineken

ნიდერლანდურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანია Heineken-მა, ტანსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა, Bodega-მ და ფინურმა Human Mobile Devices-მა, იგივე HMD-მ, რომელიც, ამ დრომდე, NOKIA-ს სახელით იყო ცნობილი, მობილური ტელეფონი შექმნეს.

ტელეფონი, რომელსაც შემქმნელებმა “მოსაწყენი ტელეფონი” დაარქვეს, რეალურად, მართლაც მოსაწყენია, რადგან ინოვაციურობა ის ეპითეტი არ არის, რომლითაც ამ ტელეფონის დახასიათება შეიძლება. აღნიშნული ტელეფონი ტექნოლოგიურად იმდენად უსახურია, რომ გამოცემა DigitalTrends-მა მას საინტერესო სლოგანი მოუფიქრა: “არანაირი ფუნქციონალი, მხოლოდ თავის მოწონება” (ინგლ. “No Features, Just Swag”).

“მოსაწყენი ტელეფონი” გამჭვირვალე პლასტმასისგან არის დამზადებული, რაც ტელეფონის შიგნით არსებული მწვანე დედაპლატის ხილვის საშუალებას გვაძლევს. ასეთივე ფერში არის გადაწყვეტილი ტელეფონის ორივე ეკრანი, ხოლო თავად ტელეფონი - დასაკეცია და ძველი თაობის NOKIA-ებს მოგვაგონებს.

Heineken-ის მხრიდან ტელეფონის გამოშვება მაინცდამაინც მოულოდნელი არ არის, მით უმეტეს, რომ ის ფაქტობრივად სრულად ლუდსახარშის ფერებში არის გადაწყვეტილი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო დროს, მსგავსი უსახური, მაგრამ უცნაური დიზაინის მქონე ტელეფონების გამოშვება ერთგვარ ტენდენციად იქცა. თუმცა ამ მხრივ, საინტერესოა HMD-ის მონაწილეობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ NOKIA-ს ლეგენდარული ბრენდის გამოყენებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახლა, ასეთი ტელეფონების წარმოებით დაკავდა.

“მოსაწყენ ტელეფონს” რამდენიმე საინტერესო დეტალიც აქვს და ერთ-ერთი მათგანი კამერაა, რომელიც დაბალი გარჩევადობის პიქსებიან სურათებს იღებს, რაც პირველი თაობის მობილურ ტელეფონებს გვახსენებს. ამასთანავე, ტელეფონს ნომრის სწრაფი აკრეფის ფუნქციონალი და ლეგენდარული თამაში Snake-იც აქვს.

მაშ, რა არის “მოსაწყენი ტელეფონის” არსი? როგორც Heineken-ში და Bodega-ში ამბობენ, ამ ტელეფონით კომპანიებს საკუთარი მომხმარებლების იმ დროში დაბრუნება სურთ, როცა სმარტფონი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ტელეფონის სიმარტივესაც, სწორედ ეს განაპირობებს - მის შემქმნელებს სურთ, ადამიანებმა SMS-ებით იკონტაქტონ და სოციალური მედია დაივიწყონ. გამოდის, რომ აღნიშნული ტელეფონის გამოშვებით, კომპანიებს სურდათ ეთქვათ, რომ ცხოვრება სმარტფონების გარეშეც შეიძლება, თანაც დროთა განმავლობაში, ეს აუცილებელიც კი არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები