მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰეჯ-ფონდებმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე რეკორდული წილი დაიკავეს

ჰეჯ ფონდები

აშშ-ის $30-ტრილიონიან სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე ჰეჯ-ფონდებმა საკვანძო პოზიციები დაიკავეს და ტრადიციული ინვესტორების ნაწილი ჩაანაცვლეს.

არსებული ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის ამ ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობამ $2 ტრილიონი შეადგინა, რაც მეორად ბაზარზე მიმოქცევაში არსებული $28.9-ტრილიონის ღირებულების სახელმწიფო ვალის რეკორდულ 7%-ს უდრის.

აშშ-ის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მსხვილმა ფონდებმა აქტივების შესყიდვა 2026 წლის პირველ ნახევარშიც აქტიურად განაგრძეს. პირველ კვარტალში განხორციელებული $26.4 მილიარდის ღირებულების შესყიდვების შემდეგ, მეორე კვარტალში წმინდა მაჩვენებელმა $60.6 მილიარდი შეადგინა. ექვსი თვის ჯამური მოცულობა კი $87 მილიარდამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჰეჯ-ფონდების მხრიდან ინტერესის მკვეთრი ზრდა სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 10-წლიანი ობლიგაციების სარგებელი 2007 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე გაზრდილი, 30-წლიანი ქაღალდების მოგებიანობა კი 2002 წლის შემდეგ დაფიქსირებულ მაქსიმუმს აღწევს.

რაც შეეხება ტრადიციულ ინსტიტუციურ მოთამაშეებს, საპენსიო ფონდები გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას ეტაპობრივად ამცირებენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ეს პროცესი განსაზღვრული სარგებლის მქონე საპენსიო სქემებიდან განსაზღვრული შენატანების მოდელზე გადასვლას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ჰეჯ-ფონდების დაწინაურებას მსხვილი ინვესტორების მიერ კაპიტალის უფრო მაღალშემოსავლიან და ნაკლებად ლიკვიდურ კერძო საკრედიტო ბაზარზე გადანაწილებაც უწყობს ხელს. Mercer-ის მონაცემებით, 2025 წელს მათ კერძო დაკრედიტების სექტორში თითქმის $300 მილიარდი დააბანდეს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთო მოცულობა ამჟამად თითქმის $30 ტრილიონს შეადგენს. ჰეჯ-ფონდების კონტროლის ქვეშ არსებული ობლიგაციების პორტფელი კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები