Helios Energy Georgia-სა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” თანამშრომლობით, კოკა-კოლას საწარმოს ტერიტორიაზე “ჰელიოს ენერჯიმ” მზის პანელები დაამონტაჟა. მათი სიმძლავრე კი 700 კილოვატ/საათია.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გარემოსდაცვითი მმართველი, გივი კალანდაძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რომ CCBG გლობალური Coca-Cola Company-ის გეგმას მიყვება, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის “კოკა-კოლას” სასმელების წარმოებისას გამოყოფილი CO2-ის ემისიები უნდა შემცირდეს.
“Coca-Cola Company-მ მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის მისი წარმოების შედეგად წარმოქმნილი CO2-ის რაოდენობა შეამციროს. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა რეგიონსა და ქვეყანას თავისი დავალება აქვს, რომლის მიხედვითაც, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” მზის პანელების მონტაჟი უზრუნველყო. ეს საშუალებას მოგვცემს, წელიწადში 450 ტონა CO2-ის გარემოში გამოყოფა აღიკვეთოს, რაც კონტრიბუცია იქნება იმ რიცხვებში, რასაც Coca-Cola 2030 წლამდე გეგმავს.
ვფიქრობთ, პატარა განაცხადი არ არის, რომ CCBG-ის ელექტროენერგიის წლიურ მოხმარების 10-15%-ს აღნიშნული მზის პანელები ჩაანაცვლებს და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. არსებობს სტრატეგია, რომელსაც მივყვებით”, - განმარტავს გივი კალანდაძე.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გარემოსდაცვითი მმართველი ასევე განმარტავს, რომ ემისიების შემცირება და ეკომეგობრული გადაწყვეტები “კოკა-კოლა კომპანიის” მიწოდების ჯაჭვსაც მოეთხოვება, რის გამოც, კომპანია წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტებს სერტიფიცირებული მწარმოებლებისგან შეისყიდის.
Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა, რადგან “კოკა-კოლას” ქარხნის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მზის პანელები ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული არაა, რაც სიმძლავრეების გაზრდის საშუალებას იძლევა.
“700 კვ/სთ-იანი სადგური ნეტო აღრიცხვაში ჩართული არ არის. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც “სემეკმა” დაუშვა, რომ ნებისმიერ საწარმოს შეუძლია შიდა გენერაციის ობიექტი ჰქონდეს, რა სიმძლავრისაც უნდა, მთავარია, არ მოხდეს ქსელში ჭარბი გადინება. ამიტომ, არ ვართ შეზღუდულები 700 კილოვატზე და შეგვეძლება, ეს სიმძლავრე 1-2 მეგავატამდე გავზარდოთ.
საინტერესოა ისიც, რომ სისტემა მთლიანად დანადგარებზეა მიერთებული, რათა გამოვრიცხოთ შიდა დანაკარგები. რაც მოდის მზიდან, პირდაპირ მიემართება საწარმოო ციკლში”, - განმარტავს თორნიკე დარჯანია.
მზის პანელების მონტაჟით, კომპანიის საოპერაციო ხარჯები მცირდება. დარჯანია განმარტავს, რომ ინვესტიციის უკუგების პერიოდი ბიზნესებისთვის შემცირებულია, რაც CCBG-ის საშუალებას აძლევს, მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯები, 3-5 წლამდე პერიოდში სრულად ამოიღოს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ემისიების შემცირებაზე ზრუნვას ახალ საწარმოშიც აგრძელებს, რომელიც “კოკა-კოლას” ქარხნის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება და “მთის წყლის” საწარმო იქნება. გივი კალანდაძე განმარტავს, რომ ახალ საწარმოში დანერგილი ტექნოლოგია კომპანიას საშუალებას აძლევს, იგივე ან უფრო მეტი რაოდენობის პროდუქტის წარმოებისთვის, გაცილებით ნაკლები ენერგია გამოიყენოს.