მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰერბია“ დღეს 2 000 ტონაზე მეტ პროდუქციას ყიდის ქართულ ქსელში“ - რა მაჩვენებლებით დახურა კომპანიამ 2025?

ჰერბიას პროდუქტი

სასათბურე მეურნეობა „ჰერბია“ წარმოებისა და გაყიდვების სტაბილურ ზრდას განაგრძობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კომპანია 2026 წელს წყალტუბოში დამატებით 1 ჰექტარი სათბურის მშენებლობას დაასრულებს. პარალელურად იგეგმება სრული საწარმოო ჯაჭვის გაძლიერებაც.

მისი თქმით, დღეს „ჰერბია“ ქართულ ბაზარზე 2000 ტონაზე მეტ პროდუქციას ყიდის და მომდევნო წლებში 10-20%-იან ზრდას გეგმავს.

„ბევრი წელია რაც არა მარტო სათბურებს, არამედ მთელ საწარმოო ციკლს ვზრდით. 2025 წელიც ზუსტად იმ შედეგებით დასრულდა, რასაც ვგეგმავდით. პროექტი, რომელზედაც საუბრობდით გასულ წელს და ეხება 2,5 მლნ ლარის ინვესტიციით წარმოების 20%-იან ზრდას, გარდამავალია – დაიწყო გასულ ზაფხულს და წელს დასრულდება. ის მოიცავს დამატებით 1 ჰექტარი სათბურის მშენებლობას წყალტუბოში. გარდა ამისა, კომპანია საჭიროებს სხვა მიმართულებების ზრდასაც, რათა სრული საწარმოო ჯაჭვი იყოს გამართული და პროდუქცია მომხმარებლამდე მივიდეს.

დღესდღეობით „ჰერბია“ 2000 ტონაზე მეტ პროდუქციას ყიდის ქართულ ქსელში. ეს ციფრი მზარდია, ბოლო წლებში ზრდა 10-12%-ის ფარგლებშია. იყო წლები, საწყის პერიოდში, როცა გაყიდვები და საწარმოო სიმძლავრეები ორმაგდებოდა, ახლა კი ვგეგმავთ ყოველწლიურ 10-20%-იან ზრდას.

კომპანია წელს უკვე 20 წლის ხდება. ის თავიდანვე ექსპორტისთვის შეიქმნა, მაგრამ ქართულმა ბაზარმა ისეთი ინტერესი გამოიჩინა, რომ ვეღარ ვახერხებთ იმ რაოდენობის შენარჩუნებას, რომ ევროპულ ბაზარზე მუდმივად ვიყოთ. ამიტომ, ჯერჯერობით მხოლოდ ბულგარეთს ვაწვდით მცირე ნაწილს, ძირითადი აქცენტი კი ადგილობრივ ბაზარზეა.

ზრდის რესურსი ნამდვილად არის. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ბაზარს. ის პროდუქტები, რომლებიც თავის დროზე შემოვიტანეთ ორეგანო, როზმარინი თუ სხვა დღეს ძალიან პოპულარულია. ვგეგმავთ ახალი პროდუქტის შემოტანასაც. ვმუშაობთ მიწოდების ფორმატზე, რომ დიასახლისებს და მომხმარებლებს პროდუქტის მოხმარების წესი გავუადვილოთ.“ - განაცხადა ჯანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები