მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰერეთი გლობალი“ ქართული ღვინის შემდეგ აშშ-ში ჭაჭის გატანას გეგმავს

60b8b66706580
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.21 00:10
1499
აშშ-ში მცხოვრები ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებული კომპანია „ჰერეთი გლობალი“ ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის გატანის მოცულობების გაზრდასთან ერთად, სექტემბრიდან ქართულ ჭაჭას გაიტანს.

როგორც BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ავთანდილ ჩხეიძემ უთხრა, დღეისთვის Alazani Estate Winery-ს ღვინოები ორ შტატში ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში 40-მდე სარეალიზაციო ობიექტში შედის, მათ შორის ქსელური მაღაზიები და რესტორნებია.

„მიმდინარე წელს ღვინის საექსპორტო მოცულობების გაზრდას ვგეგმავთ და თუ გასული წლის სექტემბერში 16 500 ბოთლი 8 დასახელების ღვინო გავიტანეთ და მისი რეალიზაცია წარმატებით განვახორციელეთ, მიმდინარე წლის სექტემბერში მოცულობები 20 000 - 30 000-მდე გაიზრდება, ხოლო დასახელებები 20-მდე. მოცულობების ზრდასთან ერთან სარეალიზაციო არეალის გაფართოებაზეც ვმუშაობთ. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შემდეგ ღვინოს ფლორიდასა და კალიფორნიაში შევიტანთ“, - ამბობს ავთანდილ ჩხეიძე.

„ჰერეთი გლობალი“ ღვინოსთან ერთად ჭაჭასაც გაიტანს. ეს კომპანიის გეგმაში გაწერილი იყო და მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

„საწყის - სატესტო რეჟიმში 5 000 ბოთლი ოთხი სახეობის - კლასიკური, ტარხუნის, ციტრუსის და თაფლის ჭაჭის გატანას ვგეგმავთ. აშშ-ში მუშაობა პროდუქტის შემოტანაზე უკვე დაწყებული გვაქვს. ეტიკეტები უკვე შეთანხმებული გვაქვს და ამ ეტაპზე FDA-ში ნიმუშები გვაქვს გაგზავნილი. მაღალალკოჰოლურ სასმელებზე აშშ-ში ლაბორატორიული დასკვნაა საჭირო, შესაბამისად Alazani Estate Winery-ს ჭაჭა ამერიკაში ყველა სტანდარტის დაკმაყოფილებით გამოჩნდება“, - ამბობს „ჰერეთი გლობალის“ თანადამფუძნებელი.

კითხვაზე - ღვინის შემთხვევაში არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ აფასებენ აშშ-ში ჭაჭის რეალიზაციის პერსპექტივებს, ავთანდილ ჩხეიძე პასუხობს: „მინდა, რომ აშშ-ს ბაზარზე ჭაჭაზე მოთხოვნა გავაჩინო. ამისთვის აქტიურად გამოვიყენებ მარკეტინგს. ჭაჭის სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 15-17 დოლარი იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები