მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰესებისთვის დადგენილი მედიანური ფასი, არ მგონია, რომ რეალობას არ ასახავდეს - ნარმანია

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ CFD აუქციონის ფარგლებში ჰესებისთვის დადგენილი ტარიფი რეალობას ასახავს, ხოლო ჰიდროსადგურების მშენებლობაზე განცხადებების სიმცირეს თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის ნარმანია ასახელებს მოსახლეობის პროტესტს ჰესებთან დაკავშირებით, რაც აისახება განაცხადების რაოდენობაზე.

"რაც შეეხება ჰიდროენერგიის შემცირებას, ეს ორი რამით არის გამოწვეული. ერთის მხრივ მდინარეებზე ადგილები ძალიან ბევრი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ამიტომ ადგილები, სადაც შესაძლებელია ჰიდროსადგურები აშენდეს სულ უფრო მცირეა. მეორეს მხრივ ჰიდროსადგურების მშენებლობას ხშირად თან ახლავს მოსახლეობის პროტესტი, აქედან გამომდინარე ინვესტორები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ამას და ეს არის ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი, რატომაც ამ აუქციონებზე ჰიდროს წილი უფრო მცირეა და არა ის, რომ აუქციონის შედეგად დადგენილი ფასი არ იყო მისაღები. საკმაოდ ბევრი პროექტი შევიდა ჰიდროზეც და მედიანური ფასი, რაც დადგინდა არა მგონია, რეალობას არ ასახავდეს", - ამბობს ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარის თქმითვე, მარეგულირებელი ჰესებისთვის დადგენილი შეღავათები სამართლიანი იყო, რადგან ინვესტორებს მსგავსი ჰესების მშენებლობა ბევრად ძვირი უჯდებათ.

"მარეგულირებელი ჰესების გარკვეული მხარდაჭერა მეორე აუქციონზეც იყო, უფრო მაღალი ტარიფი იყო. რამდენიმე ასეთი პროექტი გამარჯვებული არის კიდეც მეორე აუქციონის შედეგად და დაკონტრაქტებულია მთავრობასთან. მექანიზმი არსებობს და ვფიქრობ, საკმაოდ კარგია, იმიტომ, რომ დამგროვებლიანი მარეგულირებელი სადგურის მშენებლობა ინვესტორს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მოდინებაზე არსებული სადგური. აქედან გამომდინარე, მეტი ფული უნდა ჩადოს და მის დროულად ამოღებას სჭირდება უფრო მაღალი ტარიფი. სწორედ უფრო მაღალი ტარიფი იქნა განსაზღვრული მეორე აუქციონზე, ვიდრე ეს იყო ჩვეულებრივ მოდინებაზე არსებული სადგურების შემთხვევაში. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტორს ჰქონდეს გარანტიები", - ამბობს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები