მაღალმთიან აჭარაში მდებარე, კემპინგის კონცეფციის სასტუმრო Hill Inn, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია ვერძაძე BM.GE-სთან აცხადებს.
მისი ინფორმაციით, აგვისტოში ერთი ნომერი, ხოლო წლის ბოლომდე აუზი დაემატებათ. ამასთან, ობიექტზე საბავშვო სივრცის მოწყობაც იგეგმება.
"ბოლო რამდენიმე წელში, სხვადასხვა ტიპის ნომრები დავამატეთ, გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავიწყეთ, რადგან მხოლოდ ლამაზი მთები და მოწესრიგებული ნომრები საკმარისი არ არის.
ე.წ. ლაქშერი კემპინგის მიმართულებით მივდივართ. გარე ინფრასტრუქტურა გვინდა, რომ სრულად ავითვისოთ და Family Friendly იყოს, რომ ოჯახების დასვენება უფრო კომფორტული გახდეს, რადგან როდესაც სტუმრები ბავშვთან ერთად მოდიან, მაქსიმუმ ერთი დღე და შემდეგ ბავშვს ბეზრდება. ამიტომ, საბავშვო სივრცეებს ვამატებთ. ასევე, უკვე დავიწყეთ აუზის პროექტზე მუშაობა, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე გვინდა. მისი საორიენტაციო ინვესტიცია, დაახლოებით 100 000 ლარია. ამასთან, დავამატეთ ერთი ნომერი, რომელშიც 150 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და მეორე ნომერიც 15 აგვისტომდე ჩაეშვება, რომელიც ანალოგიურად, 150 000 ლარი ჯდება. ამ დრომდე, ერთდროულად 20 ადამიანის გამასპინძლება შეგვიძლია, ახალი ნომრის დამატების შემდეგ კი 24 სტუმარს მივიღებთ",-აცხადებს ვერძაძე.
რაც შეეხება დატვირთვას, ამჟამად ტურისტული ობიექტი სრულადაა დატვირთული. ადრე თუ მხოლოდ ადგილობრივ სტუმრებზე მუშაობდნენ, ახლა მათი მომხმარებლების 80% ტურისტული კომპანიები, კერძოდ არაბეთის ქვეყნებიდან.
ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, სასტუმროში ზაფხულის სეზონზე ფასების მცირედით მომატება მოუწიათ. ერთი ღამით განთავსება სასტუმროში 310 ლარიდან იწყება და 550-600 ლარამდე მერყეობს.
ინფორმაციისთვის, მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში Hill Inn 2020 წლის მაისში გაიხსნა. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 45 000 ლარი იყო.