ხის კოტეჯები "ჰილსაიდ ყაზბეგი" რომელიც სტეფანწმინდაში, ყაზბეგში 1 წელია ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე, კვების ობიექტის დამატებასა და გასართობი სივრცეების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან, კოტეჯების დამფუძნებელმა, გიორგი ქუშაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ჰილსაიდ ყაზბეგი" 3 კოტეჯს მოიცავს და ჯამში 15 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. რაც შეეხება მასში განთავსების ფასს, საშუალოდ 200 ლარიდან იწყება და მის ღირებულებას როგორც სეზონი, ასევე ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრავს.
„გვინდა, რომ ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ყველა სერვისი ადგილზე დახვდეს და გარეთ საკვების გამო გასვლა აღარ უწევდეს. ამიტომ, სერვისის განვითარებას ვაპირებთ. კერძოდ, კოტეჯებთან ახლოს, რესტორნის აშენებას და გასართობის სივრცეების მოწყობას ვგეგმავთ, რომელშიც დაახლოებით 80 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
კოტეჯები დაახლოებით 80%-ითაა დატვირთული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე აქტიური პერიოდი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იყო. ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ტურისტები არიან, კერძოდ საუდის არაბეთიდან და აზიის ქვეყნებიდან,“- აცხადებს ქუშაშვილი.
მისივე ცნობით, რეგიონისთვის თოვლი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან ზვავსაშიში ტერიტორიაა და ამის გამო, გზების გადაკეტვა ხდება. გადაკეტილი გზების შედეგად, ჯავშნები უქმდება და შესაბამისად, კოტეჯის ფუნქციონირება რთულდება.