"აჭარა ჯგუფი" მზად არის, საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს უფასოდ უმასპინძლოს. კომპანია სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს რუსეთთან მიმდინარე ომში და მოკლე განცხადებას ავრცელებს:
"აჭარა ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. უკრაინის საელჩოსთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობით, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში უსასყიდლოდ უმასპინძლოს უკრაინის მოქალაქეებსა და ოჯახებს, რომლებიც ამ მომენტში საქართველოში იმყოფებიან და დახმარებას საჭიროებენ. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობა და სამართალი გაიმარჯვებს",-აცხადებენ კომპანიაში.
დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთეს, პარალელურად, რუსული ავიაცია ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით. საჯარისო მოქმედებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა მოყვა. შემდგომ, ბრიფინგზე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს.
აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.




























